უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 თვეზე მეტი გავიდა - რა ხდება ომის 141-ე დღეს?

ომი უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. 141-ე დღეა საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე ისევ დონბასია. რეგიონისთვის ბრძოლა გაააქტიურა უკრაინამაც. თავდაცვის ძალებს უკვე რამდენიმე დღეა იერიში მიაქვთ დონეცკის იმ ტერიტორიებზე, რომელთაც რუსები აკონტროლებენ.

ოკუპანტების სამიზნე გუშინ, ქალაქი ვინიცა გახდა, სადაც სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 40-მდე მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, 30-მდე ავტომობილი დაიწვა. ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 352 ბავშვი დაიღუპა, 657-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს.

"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 352 მათგანი, ხარკოვში - 191, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 53, ხერსონში - 52, ზაპოროჟიეში - 31" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 126 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 216 კი მთლიანად განადგურდა.

მეტის ნახვა