ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმე - ქუთაისის სააპელაციომ ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული ლევან სირაბიძე დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა გამოაცხადა.

სირაბიძეს, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა,  5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ  2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და  გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამას დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. მოკლული  თუთაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ლევან სირაბიძეს ხელი მისმა ბიძაშვილმა რიჩარდ სირაბიძემ დააფარა, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია "ქართული ოცნებიდან".  პროკურატურამ სირაბიძის გამამართლებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

მკვლელობა ბათუმში 2023 წლის  11 მარტს მოხდა.  22 წლის ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით  საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს  პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

მეტის ნახვა