სუპერმარკეტში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა - ქალი გარდაიცვალა

მაღაზია

სუპერმარკეტში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, თერჯოლაში მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი სხეულის 60-70%-იანი მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

არსებული ცნობებით, კაცი მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს კაცმა გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.

სავარაუდოდ, აფეთქების გამო მაღაზიაში მინები ჩაიმსხვრა. ადგილზე სამართლდამცველები მუშაობდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტის ნახვა