ექსკლუზივი: გასტროლზე წასული ხელოვანები ბათუმში აღარ დაბრუნდნენ

ანსამბლი

ფოტო: ანსამბლ "ხორუმის" ფეისბუქგვერდიდან

ისრაელში, ანსამბლ “ხორუმის” სამი წევრი გაუჩინარდა. TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისინი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ და თავის დროზე ბათუმიდანაც ამ მიზნით წავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხუთმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა, მათ შორის სამთავრობო წყაროებმა დაგვიდასტურეს.

ფაქტის გადამოწმების მიზნით, 24 მაისს, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ანსამბლის წევრებთან ერთადაა. თამარ გუდავას ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მოვთხოვეთ, თუმცა შეტყობინების ნახვის მიუხედავად, აღარ გვიპასუხა.

TV25-ის გადამღები ჯგუფი ანსამბლის წევრებსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს აეროპორტში დახვდა. "ხორუმის" ადმინისტრატორმა, ლილი ვარშანიძემ სამი ხელოვანის ისრაელში დარჩენის ფაქტი დაგვიდასტურა.

ცნობისთვის, იერუსალიმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც აჭარიდან მრავალრიცხოვანი დელეგაცია ესწრებოდა.

მეტის ნახვა