ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექციამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

დროშა

დღეს, TV25-ს წყარომ
მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დერეფანში სხვა ქვეყნების გვერდით განთავსებული იყო რუსეთის დროშა, რომელიც მოსწავლემ დემონსტრაციულად ჩამოხია.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა დაგვიდასტურა და ჩვენს რეპორტიორთან საუბრისას განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ მოსწავლის მშობელს უკვე გაესაუბრა და არსებული ინციდენტიც ამოწურულია.

შორენა ქონიაძემ ჩვენთან საუბრისას ინციდენტის მთავარი დეტალი დამალა, რის გამოც ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შევიდა.

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლის კედელზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოების ამსახველი სრული სურათი გამოგვიგზავნეს.

სინამდვილეში, მოსწავლეს არა რუსეთის დროშა, არამედ აფხაზეთის დროშა ჩამოუხევია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.

მოსწავლეები გვიყვებიან, რომ თანაკლასელის პროტესტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღიარა და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ წარმოადგინა.

სავარაუდოდ, დირექტორს რუსეთის დროშის ჩამოხევის ფაქტის გასაჯაროება ერჩივნა, რადგან სრული სიმართლის გასაჯაროების შემთხვევაში, იგი უდიდეს სკანდალში გაეხვეოდა.

სამწუხაროა, რომ დირექტორმა ჩვენი რეპორტიორი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანა.

აქვე შეგახსენებთ, დროშის ჩამოხევის გამო, მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინეს. დირექტორმა მოზარდის მშობელი დაიბარა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შორენა ქონიაძემ მოსწავლის ქმედებაზე მშობელს უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.

TV25 სკოლის დირექტორს კომენტარისთვის ხვალ, სამუშაო საათებში დაუკავშირდება.

ცდომილების გამო, ჩვენს აუდიტორიას ბოდიშს ვუხდით, ფეიკნიუსის გავრცელება ჩვენს თვითმიზანს არასდროს წარმოადგენს.

განახლება: TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯაროს სკოლიდან ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხიეს

მეტის ნახვა