ბსუ კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - რას ჰყვებიან გაცვლითი კურსის სტუდენტები, რომლებიც ცხოვრებისთვის შეუფერებელ არაჰიგიენურ პირობებში აღმოჩნდნენ?

ბსუ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ, ამჯერად, ქართველი სტუდენტები გამოდიან. მათი განცხადებით, სტაჟირების ერთ-ერთ კურსზე, რომლის მეშვეობითაც უცხო ქვეყანაში ახალგაზრდები რთულ პირობებში აღმოჩნდნენ, უნივერსიტეტმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ისინი გაურკვეველ ვითარებაში მიატოვა. მათ სამშობლოში დაბრუნება საკუთარი ძალებითა და ხარჯებით მოუწიათ.

საუბარია, სამზარეულოთი დაინტერესებულ 60-მდე სტუდენტზე, რომლებიც UCM- progetto inclusion cucina Italiana- Euroeast-ის ფარგლებში, იტალიაში გაემგზავრნენ, სადაც 3 თვიანი სტაჟირება უნდა გაევლოთ. როგორც ისინი ყვებიან აღმოჩნდნენ ცხოვრებისთვის შეუფერებელ არაჰიგიენურ პირობებში. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტაჟირების საათები იყო გაორმაგებული და ასისტენტობის ნაცვლად, უწევდათ მუშის მოვალეობის შესრულება.

სტუდენტები ბსუ-სა და პროგრამის ხელმძღვანელობისგან, გაწეული ხარჯებისა და მორალური ზიანის კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ.

"ერთ-ერთ სტაჟირების პროგრამაში UCM- progetto inclusion cucina Italiana- Euroeast მივიღეთ მონაწილეობა უნივერსიტეტიდან 60-მა ბავშვმა. პროგრამა არა მხოლოდ ბსუ-სთან, არამედ საქართველოს სხვა კოლეჯებთანაც აწარმოებდა საქმიანობას. UCM პროგრამის ფარგლებში უნდა გაგვევლო 3 თვიანი სტაჟირება იტალიაში სამზარეულოთი დაინტერესებულ სტუდენტებს, რის შემდეგაც ავიღებდით ორენოვან სერტიფიკატს.

პროგრამა დოკუმენტურად ვალდებული იყო აენაზღაურებინა ორმხრივი გზის ხარჯები, სამჯერადი კვება, სამოგზაურო დაზღვევა, საცხოვრებელი. საქართველოს მასშტაბით სტუდენტები დაგვყეს 3 ჯგუფად და 29/06/2023, 30/06/2023, 03/07/2023 გაგვამგზავრეს იტალიაში მათი ხარჯებით.

ზოგიერთი მიგვიყვანეს ისეთ საცხოვრებელში, სადაც არსებობაც კი შეუძლებელი იყო. ნაწილი ნარკოდამოკიდებულებთან ერთად მოხვდა, რომლებიც სთავაზობდნენ ნარკოტიკს, ნაწილი -1 სართულზე სრულიად შეუფერებელ საცხოვრებელ პირობებში და ა.შ. საცხოვრებლით კმაყოფილი მხოლოდ რამდენიმე ერთეული იყო. საცხოვრებელი ადგილების გადანაწილების შემდეგ, იმ ბავშვებმა, რომლებმაც გამოთქვეს პრეტენზია ოთახებზე, ჩამოართვეს გასაღები და ღია ცის ქვეშ ღამით სახლიდან გაყარეს. ნაწილი ბავშვების, რომლებიც კმაყოფილი იყო საცხოვრებლით, რა თქმა უნდა შეფარდებითია, მაინც აკლდათ ისეთ პირობები როგორიცაა მოწესრიგებული სველი წერტილები, სარეცხის მანქანა და ა. შ.

პროგრამის ფარგლებით სტაჟირება უნდა ყოფილიყო 6 საათიანი და +4 საათიანი სასწავლო გეგმა, მაგრამ როგორც კი ჩამოვედით 10 საათიან სტაჟირებაზე გაგვაფრთხილეს. ზოგიერთი სტუდენტი 1 კვირა ელოდა სტაჟირების დაწყებას. ობიექტზე გასვლის შემდეგ დახვდათ სრულიად საპირისპირო ვითარება. მოგვიწია არა ასისტენტის მოვალეობის, არამედ მომუშავის მოვალეობის შესრულება 10 საათის ნაცვლად 11-12-13 სთ.

ამ პირობებზე დავუკავშირდით უნივერსიტეტს დახმარების მიზნით, მაგრამ მივიღეთ უდიდესი იმედგაცრუება, რისი დამადასტურებელი საბუთებიც გვაქვს. უნივერსიტეტს ჰქონდა გაფორმებული მემორანდუმი ამ პროგრამასთან და ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით კურატორი ვინ იყო. გვეუბნებოდნენ , რომ უნივერსიტეტიდან არ ჰყავდათ. დახმარების თხოვნის შემდეგ, როცა ვუთხარით, რომ უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, სოფლად, საშიშ გარემოცვაში გვიწევდა ღამის გათენება ღია ცის ქვეშ, მათი პასუხი იყო ,, ჩვენ დამსაქმებლამდე მიგიყვანეთ, დანარჩენი აღარ გვეხება“.

სტუდენტები პერიოდულად მოვდიოდით საქართველოში ჩვენი ხარჯებით, რადგან პროგრამის ხელმძღვანელები ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ და ამბობდნენ რომ ჩვენზე დასახარჯი არც დრო და არც ფული ჰქონდათ. ბევრი გასაჭირის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში დაღლილები, ფსიქოლოგიურად დაზარალებულები და ყველანაირად იმედგაცრუებულები.

ჩვენი მოთხოვნაა გავრცელდეს ეს ამბავი და მოეთხოვოს როგორც ბათუმის შთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე პროგრამა  UCM- progetto inclusion cucina Italiana- Euroeast აგვინაზღაურონ გაწეული ხარჯები და მორალური ზიანის კომპენსაცია", - გვწერენ სტუდენტები.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებებს საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა