ექსკლუზივი: ჩაგვრა და დამცირება განათლების ნაცვლად - ქობულეთის II საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს ცხოვრების გამწარებით ემუქრება

ჩაგვრა და დამცირება განათლების ნაცვლად - გამოშვებას ვიწყებთ ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მომხდარი სკანდალური ამბით. TV25-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მუსიკის პედაგოგმა მოზარდს თანატოლების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ბავშვის მშობელი გვიყვება, მასწავლებლის მხრიდან მორალური ზიანი მის შვილს არაერთხელ მიუღია და ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. დედა, ზაირა თვაური ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ პედაგოგი მოსწავლეებს მის შვილთან ურთიერთობასაც უკრძალავდა და ურჩევდა, მისგან თავი შორს დაეჭირათ. გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული ვიდეო-მასალიდან ირკვევა, რომ ჩაგვრაში ბრალდებულს იერიში სხვა მოზარდებზეც მიჰქონდა და მათ სკოლის დამთავრებამდე ცხოვრების გამწარებით ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია დღეს დილით, TV25-მა ვებგვერდის მეშვეობით გაავრცელა, ქალმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში და როგორია მხარეთა პოზიციები? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

მეზიზღებით! - ასე მიმართავს, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი. მასწავლებელი, ბავშვებს, მთელი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას აბულინგებს და ემუქრება.

მუსიკის პედაგოგის მხრიდან, განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი ლუკა თვაური აღმოჩნდა. ფაქტის ჩაწერა, სწორედ, მან მოახერხა. ლუკას მშობელი მასწავლებლის  სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვს. ზაირა თვაური ყვება, რომ მსგავსი ფაქტები, ამავე, პედაგოგის მხრიდან აქამდეც  ხდებოდა, რის  გამოც, როგორც ამბობს, თამუნა მჟავანაძესა და კლასის დამრიგებელს ესაუბრა კიდეც, თუმცა, ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მოსწავლეებზე ზეწოლას,  ადმინისტრაციის მხრიდან, რეაგირება არ მოჰყოლია. ზაირა თვაური გვიყვება, რომ ფაქტის გახმაურების გამო მას მშობლების ნაწილი და პედაგოგები დაუპირისპირდნენ.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ პედაგოგმა პასუხისმგებლობა აიღო და სკოლა დატოვა. ნანი ცივაძის თქმით,  საკითხზე შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია. მომხდარს დისციპლინური კომიტეტი  განიხილავს. რაც შეეხება წინაპირობას ცივაძე აცხადებს, რომ მშობელმა ფაქტი პირველივე შემთხვევაზე გაასაჯაროვა და მას საკითხის შიგნიდან მოგვარება არ უცდია.

ამავე სკოლის პედაგოგები, ფაქტის დაგმობის ნაცვლად, მუსიკის მასწავლებელს სოლიდარობას უცხადებენ. მათ დღეს მხარდასაჭერი აქციაც გამართეს და პროტესტის ნიშნად, საგაკვეთილო პროცესი შეაჩერეს. სოლიდარობის აქციაში, მშობლების ნაწილიც მონაწილეობდა.

პედაგოგის მხრიდან მოსწავლეების ბულინგის ფაქტზე მოკვლევა, TV25-ის მიერ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბულინგში ბრალდებულმა, თამუნა მჟავანაძემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება, სწორედ, საჯარო მხილების შემდეგ დაწერა.

მეტის ნახვა