მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება - ვიდეოინსტრუქცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. პროცესი 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

"პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ: 2023 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს. მათთვის რეგისტრაცია უფასოა.

თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:

პირად ნომერს;

საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა);

სასურველ საგამოცდო ქალაქს;

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.", - წერია განცხადებაში.

უფრო ვრცლად: https://bit.ly/3ZWgsnR

მეტის ნახვა