პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა - ძალადობის შემთხვევა ქობულეთში

ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს მოსწავლე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. დაზარალებულის თანაკლასელები TV25.GE-ს უყვებიან, რომ ინციდენტი საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. 

ბავშვების თქმით, ბიოლოგიის მასწავლებელმა მოზარდს ხელი დაარტყა. ძალადობის მოტივი, როგორც ისინი გვეუბნებიან, მოსწავლის მიერ საღეჭი რეზინის გამოყენებას მოჰყვა. 

ბავშვების თქმით, ინციდენტის შემდეგ მშობელმა მანდატურის სამსახურს მიმართა, რაზეც ამ უკანასკნელს რეაგირება არ მოუხდენია.

TV25.GE ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რომელიც ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მოსწავლესა და პედაგოგს შორის მომხდარ "უთანხმოებას" ადასტურებს. 

"მოსწავლესაც აქვს რაღაც ინტერესი" - გვითხრა ნარგიზ რომანაძემ. 

"ეს ბიჭი არის ჭკვიანი და ათიანს უწერს პედაგოგი, მასწავლებელმა მითხრა, მაგრამ არის მოუსვენარი, მოვკიდე სახეზე ხელი და შემოვაბრუნე, რომ მომისმინე შვილოო, ეს იყო მხოლოდ. ამის შემდეგ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. იმ კლასში არის, ალბათ, ვიღაცა - ცელქი, ონავარი, რომელმაც გამოიყენა ეს და ტელევიზიას შეატყობინა. მანდატურთან არ ყოფილა მშობელი... დაპირისპირება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ზოგჯერ ბავშვი ისე გაგაგიჟებს, რომ იტყვი, არ ვიცი რას ვუზამო. წარმოიდგინეთ, რამხელა მოთმინება უნდა მასწავლებელს," - გვითხრა ნარგიზ რომანაძემ.

მანდატურის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მანდატურისთვის მოსწავლესა და მშობელს არ მიუმართავს. 

"ინფორმაციის მიღების შემდეგ მანდატურის სამსახური გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს," - განაცხადეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.

მეტის ნახვა