რა არის სექსუალური განათლება და უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში? - სპეციალისტების რჩევები

 

სექსუალურ განათლებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვიწრო კონტექსტში განიხილავს და მას, მხოლოდ, სქესობრივი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან აკავშირებს. ასე ფიქრობენ მშობლებიც. უმრავლესობის აზრით, მოზარდი ამ გზით, არა სასარგებლო, არამედ გარყვნილ ქმედებაზე იღებს ინფორმაციას. იშვიათად, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ შვილების აღზრდისა და შესაძლო უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად სექსუალურ განათლების მიღება ადრეულ ასაკშივე აუცილებელია.

12 წლის გოგომ შვილი გააჩინა, 14 წლის მოზარზე ჯერ სექსუალურად, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადეს, 8 წლის გოგო ოჯახის ახლობელმა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტები თითქმის ყოველდღიურად გვესმის, თუმცა არავინ საუბრობს შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში მსგავს შემთხვევებს სწორედ, სექსუალური განათლების არ არსებობას უკავშირებენ. თიკო აბაშიძის შეფასებით, სურვილზე მეტად, პრობლემა ისაა, რომ გვრთავს თუ არა საზოგადოება უფლებას, ბავშვებს ამ თემებზე ვესაუბროთ. ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელი კანონის გამკაცრებაზე აქცენტრიდება. მისი თქმით, სახელმწიფომ, უპირველესად, მშობლების ცნობიერების ამაღლებაზეც იზრუნოს.

რა რის სექსუალური განათლება? - სპეციალისტების შეფასებით, სწორი ინფორმაციისა და სათანადო განათლების საშუალებით, შესაძლებელია, ჯანსაღი, ფიზიკური და ემოციური ცხოვრება, სქესობრივი და რეპროდუქციული სისტემების დაავადებების დიდი ნაწილის პრევენცია. ასევე, არასასურველი და ნაადრევი ფეხმძიმობის თავიდან აცილება. ასმათ დიასამიძე აუცილებელ წინაპირობად მშობლებისა და პედაგოგების გადამზადებას მიიჩნევს, რათა სენსიტიური ინფორმაცია ახალგაზრდებს სწორად გადასცენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სატელევიზიო-საინფორმაცია ვიდეო-რგოლების სიხშირეც.

სექსუალურ განათლებას რომ ბავშვები ადრეულ ასაკშივე უნდა დაეუფლონ, ამბობენ ფსიქოლოგებიც. სპეციალისტების შეფასებით, სამი წლიდან, მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან, თუ რას ნიშნავს ინტიმური ადგილები და რატომ არ შეიძლება მათზე სხვების შეხება. მათი თქმით, მიწოდებული ინფორმაცია პატარებს საშუალებას მისცემს, რომ პრობლემის შემთხვევაში, მასზე ხმამაღლა ისაუბრონ.

სექსუალური განათლების სასწავლო დაწესებულებებში დანერგვის შესახებ საუბარი არაერთხელ ყოფილა, თუმცა რადიკალურად განწყობილი საზოგადოების პროტესტის გამო, საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგა. ახლა უცნობია ისიც, თუ რას აპირებს განათლების სისტემა სამომავლოდ. კითხვებზე პასუხისმგებელი უწყებები დუმილს ამჯობინებენ. არადა, აღსანიშნავია, რომ სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სქესობრივი კუთხით, ცნობიერების ამაღლებაა. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა მათთვის საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან მიიღონ და არა დაუზუსტებელი ინტერნეტ წყაროებისგან.

მეტის ნახვა