ახალი ამბები • 1756410394
ვის და როდის შეუძლია საპენსიო დანაზოგის გატანა?

სს
ვის და როდის შეუძლია საპენსიო დანაზოგის გატანა, ამ თემებზე „კვირის პალიტრას“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი ესაუბრა.
მემკვიდრეები იყვნენ ჩემი მეუღლე და დედამთილი, მიწები რეესტრში გავაფორმეთ, დედამთილი გარდაიცვალა, მული სადაც გათხოვდა, იქვე იყო ჩაწერილი კომლში. ამ შემთხვევაში წილი ეკუთვნის თუ არა?
- თუ ქონება რეგისტრირებული იყო გარდაცვლილის სახელზე, მემკვიდრეებად ითვლებიან კანონით დადგენილი რიგის მიხედვით პირველ რიგში მეუღლე, შვილი და მშობელი. ამდენად, მულს ეკუთვნის სამკვიდრო ქონებიდან წილი, ვინაიდან იყო გარდაცვლილის შვილი, ანუ პირველი რიგის მემკვიდრე, ისევე როგორც თქვენი მეუღლე. აღნიშნული სამკვიდრო მემკვიდრემ უნდა მიიღოს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის განცხადების მიმართვის საფუძველზე.
წლების წინ გაფორმდა იპოთეკა ნასყიდობა/ გამოსყიდვის ხელშეკრულება. მეპატრონემ თანხა არ გადაიხადა. სასამართლოს სამივე ინსტანცია მოგებულია და უზენაესის გადაწყვეტილებით გამოსახლება გადაწყდა, მაგრამ ამ დრომდე არ არის აღსრულება. რა შეიძლება გავაკეთოთ?
- თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გაქვთ თუ არა სასამართლოსთვის მიმართული სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში შეტანილი გაქვთ თუ არა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაქვთ შეტანილი, მაშინ დიდია ალბათობა, რომ თქვენი საქმის აღსრულება არის მოლოდინის რიგში. აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე დაადგინეთ თქვენი აღმასრულებლის ვინაობა და დაუკავშირდით მას. ის მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღსრულების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.
ვარ "სფეროინვესტის" დაზარალებული, არ მიბრუნებენ გირაოს თანხას. ვიცი, რომ ჩემსავით ათასობით ადამიანია დაზარალებული. აქვს თუ არა აზრი საჩივრის შეტანას სასამართლოში. მოგეხსენებათ, ესეც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რა პერსპექტივა აქვს ასეთ დავას, შევძლებ თუ არა ჩემი ფულის ამოღებას, რას მირჩევთ?
- თუ კომპანია გაკოტრებულია, ან რეალურად აღარ ფუნქციონირებს, სასამართლოში საჩივრის შეტანა შესაძლებელია და პერსპექტივაც გაქვთ, რომ მოიგოთ მსგავსი ტიპის დავა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენად იქნება აღსრულებაუნარიანი დამოკიდებულია კომპანიის აქტივების არსებობაზე. თუ კომპანიას ქონება არა აქვს, პრაქტიკულად რთულია თანხის ამოღება, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. როგორც თავადაც აღნიშნეთ, კომპანია ,,სფეროინვესტს" ედავება ბევრი დაზარალებული, პირველ რიგში შეგიძლიათ მოიძიოთ კომპანიის აქტივები ანუ ქონებები და გადაამოწმოთ, ადევს თუ არა მათ სასამართლოს აკრძალვები. თუ მის სახელზე აღმოაჩენთ რაიმე ქონებას, შესაძლოა მისი სარჩელის უზრუნველსაყოფად მათი გამოყენებაც. საბოლოო ჯამში თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად გიღირთ დავის დაწყება, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა მოპასუხემ მხარეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის და თქვენ მიერ სასამართლოსთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც, თუმცა რეალურად მათ სახელზე ქონების არარსებობის გამო, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი შეგრჩეთ.
კერძო პირს მადევს ყადაღა თავდებობის გამო და გასულია 8 წელი, ვისი თავდებიც ვიყავი, ის გარდაცვლილია, რა შეიძლება გავაკეთო?
- სააღსრულებო ფურცელს აქვს 10-წლიანი ვადა, შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდგომ მოგეხსენებათ ყადაღაც.
ოჯახის წევრს მინდა გადავუფორმო ქონება. ამ შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვით ჯობია გადავაფორმო თუ ჩუქება გავაკეთო და რატომ?
- თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიზნით გინდათ ოჯახის წევრისათვის ქონების გადაფორმება იმისათვის, რომ გიპასუხოთ, ხელშეკრულების რომელი ფორმა იქნება უმჯობესი თქვენთვის. თუ ის პირი, ვისთვისაც გინდათ ქონების გადაცემა, ქორწინებაშია, იმისათვის, რომ ქონება არ ჩაეთვალოს ქორწინებაში შეძენილად, ჯობს ჩუქებით გადაუფორმოთ. ასევე ჩუქების შემთხვევაში თავადაც გექნებათ შესაძლებლობა მისი მხრიდან უმადურობის გამოჩენის შემთხვევაში მოითხოვოთ ჩუქების ბათილობა 1 წლის ვადაში. 1 წლის ვადის გასვლის შემდგომ რთულდება აღნიშნულის მტკიცების ტვირთი. თუ თქვენ მიერ გაფორმებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულება, მისი უკან მოთხოვნის და დაბრუნების შესაძლებლობა არ გექნებათ.
მაქვს ბინა ჩადებული მევახშესთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, 9 თვეა ვიხდი პროცენტს და მალე გასდის ვადა. ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ თანხის სრულად დაბრუნებას. ვუთხარი, რომ გაგვეგრძელებინა ხელშეკრულება ისევ ნოტარიუსთან, მაგრამ უარი მითხრა, ამბობს, ავტომატურად გაგრძელდება, სანამ არ გადაიხდი ფულსო. მაინტერესებს, ხომ არ მატყუებს და ხომ არ დავკარგავ ბინას? ხელშეკრულებას ვადა გასდის დეკემბერში.
- უმჯობესი იქნება, ხელშეკრულება აჩვენოთ ადვოკატს და კონსულტაცია გაიაროთ, რათა იცოდეთ, თუ რა პირობა გაქვთ ჩადებული ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება მანამ, სანამ თანხა არ დაიფარება. ეს სარწმუნოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაშია მითითებული. თუმცა, როგორც წესი, ხელშეკრულებაში მსგავსი რამ არ იწერება ხოლმე. ამდენად, შესაძლოა ბინის დაკარგვის რისკის ქვეშ იყოთ.
ბანკიდან სესხად აღებულია დოლარები იპოთეკით. მსესხებელი გარდაიცვალა. მას ჰქონდა დაზღვევა, თუმცა სადაზღვევო არ მინულებს, როგორ მოვიქცე? ხელთ მაქვს პირის გარდაცვალების ცნობა, ახალგაზრდა კაცი უცებ გულის შეტევით გარდაიცვალა. სადაზღვევო მთხოვს გვამის ექსპერტიზას, ადამიანი დაკრძალულია და ხომ არ ამოვთხრი საფლავიდან. რა გამოსავალი არსებობს?
- თუ გარდაცვლილი იყო მსესხებელი და სესხი იყო დაზღვეული სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტით, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს სესხის ნაშთი, თუ გარდაცვალება მოხდა დაზღვევის მოქმედების პერიოდში და მიზეზი არ იყო ისეთი შემთხვევა, მაგალითად, როგორიცაა თვითმკვლელობა, მძიმე დაავადების დამალვა და სხვა. უმჯობესი იქნება იპოთეკის ხელშეკრულება ანახოთ ადვოკატს და გაიაროთ დეტალური კონსულტაცია მასთან, რადგან საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა დოკუმენტების გაცნობა.
ვაპირებ ქმართან განქორწინებას, თვითონ არ მოდის იუსტიციაში და ხელს არ აწერს. ამიტომ მომიწევს სასამართლოში საჩივრის შეტანა. მყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მაინტერესებს, რა თანხის გადახდა მომიწევს სასამართლოში ამ დროს?
- თუ მხოლოდ განქორწინება გსურთ, ასეთ შემთხვევაში სარჩელის სახელმწიფო ბაჟის საფასურს შეადგენს 50 ლარი. არასრულწლოვან ბავშვებზე ალიმენტის მოთხოვნა ან ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დავის არსებობის შემთხვევაში თქვენ გათავისუფლებული იქნებით სახელმწიფო ბაჟისგან.
დედამ მაჩუქა ბინა. ნაჩუქარი ქონების გაყიდვას რამდენ ხანში შევძლებ, რომ არ მომიწიოს მოგების გადასახადის გადახდამ?
- თუ ქონება თქვენს საკუთრებაში 2 წელზე მეტი დროით იყო, გაყიდვისას მოგების გადასახადი არ დაგეკისრებათ. თუ 2 წელზე ნაკლები დროა გასული, მაშინ მოგების გადასახადი გადახდა მოხდება ნამატი თანხის ღირებულების 5%-ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვიდან მიღებული თანხა აღემატება ჩუქების დროს არსებულ ფასს.
მაქვს ქონება ბანკში ჩადებული, მინდა კიდევ სხვა თანხის აღება მევახშისგან. ქონება არის უფრო მეტი ღირებულების, ვიდრე აღებულია სესხი ბანკიდან. რა რისკები ახლავს ასეთ გარიგებას? მევახშე თანახმაა მომცეს თანხა და ითხოვს გავუფორმო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვით.
- თუ ბანკთან აღებული ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებთ, მაშინ ბანკს უფლება ექნება ქონების რეალიზაციით მოახდინოს მის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვა. თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, თუმცა გაფორმებისას ბინას გადაჰყვება ვალდებულება, ანუ იქნება უფლებრივად დატვირთული, და თუ თქვენ არ შეასრულებთ ბანკის წინაშე ვალდებულებას, ამ შემთხვევაშიც მოხდება ქონების რეალიზაცია. უშუალოდ ნასყიდობა-გამოსყიდვას რაც შეეხება, მთავარია, დაიცვათ ხელშეკრულების ვადები და დროულად გადაუხადოთ თანხა მევახშეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც აუცილებლად უნდა გქონდეთ და ვადის გასვლის შემდგომ კვლავ უკან გადმოიფორმებთ ქონებას.
მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბერს ვხდები საპენსიო ასაკის. როგორც ვიცი, განაცხადი უნდა შევიტანო 10 დღით ადრე. მეუბნებიან, რომ დეკემბრის პენსიას არ მომცემენ. რამდენად კანონიერია ეს და რა ქმედებაა საჭირო პენსიის დანიშვნის გასაფორმებლად?
- თუ საპენსიო ასაკს აღწევთ 1-ლ დეკემბერს, უნდა შეიტანოთ განაცხადი მინიმუმ 10 დღით ადრე. თუმცა კანონით პენსია ინიშნება მომდევნო თვიდან, თუ განაცხადი შეტანილია მიღწევის თვეში, რაც ნიშნავს, რომ დეკემბრის პენსია არ გეკუთვნით, რადგან განაცხადი ძალაში შევა შემდეგი თვიდან - იანვრიდან.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.
- ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, მყავს მეუღლე და ერთი წლის და სამი თვის ბავშვი. ქირით ვცხოვრობ და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება?
- "საპენსიო სააგენტოს შესახებ" კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: 60 წლის ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში), მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა, როდესაც ის აღწევს საპენსიო ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით, ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის 60 წელია), ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადის საფუძველზე საპენსიო სააგენტოში. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1756113571