რა გამოწვევების წინაშე დგანან სტუდენტები და რამდენად პასუხობს ქართული განათლების სისტემა მათ საჭიროებებს?

სტუდენტურ ძალას ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლი აქვს. საქართველოში, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნის სწორ განვითარებაში უზარმაზარი როლი სწორედ ახალ თაობას აკისრია.  რამდენად ზრუნავს სახელმწიფო იმაზე, რომ ახალგაზრდებმა კარგი განათლება მიიღონ? მაცნე დღეს ამ საკითხით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, სტუდენტთა ნაწილი საკმაოდ ბევრ გამოწვევას ხედავს. რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი და რამდენად პასუხობს ქართული განათლების სისტემა სწავლის მსურველთა საჭიროებებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთარი კრიტიკული, ობიექტური აზრის მკაფიოდ დაფიქსირების შესაძლებლობა, დემოკრატიული გარემო - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა გამოწვევად ასახელებს.

სტუდენტების საჭიროებებს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა, რომ სრულყოფილად ვერ პასუხობს, ამაზე, თავად ახალგაზრდებიც საუბრობენ. მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, რითიც

პრაქტიკული სწავლების გაძლიერება მოხდება.  ახალგაზრდების უმრავლესობა, სტუდენტზე მორგებული გარემოს შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას.

ახალგაზრდები გამოწვევად მიიჩნევენ გაცვლით პროგრამებსაც. მათი თქმით, აუცილებელია  საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა პირველი კურსიდანვე იყოს შესაძლებელი და უფრო ფართო სპექტრს მოიცავდეს. საუბრობენ  ჩვენს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის  აუცილებლობაზეც.

სტუდენტების ნაწილი, ეკონომიკურად არამდგრად ქვეყანაში, სწავლის საფასურის მინიმუმამდე დაწევას მოითხოვენ. ამბობენ, რომ უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი არაა.  საუბრობენ  დასაქმების პრობლემაზეც. მათი თქმით, საქართველოში, უნივერსიტეტის დონეზე, სასურველი პროფესიის სრულფასოვნად დაუფლების შესაძლებლობა იშვიათი შემთხვევაა.

დემოკრატიულ და განვითარებად ქვეყანაში ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ, ამიტომ, ისინი ფიქრობენ, რომ განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია. საუბრობენ ლექტორ მასწავლებლების გადამზადების საჭიროებაზეც, რის შედეგადაც, მათი თქმით, სალექციო თუ სასემინარო დებატები უფრო დემოკრატიული და საინტერესო გახდება.

სტუდენტების სურვილია, სასწავლო დაწესებულებებში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც უცხოელ ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში სწავლის გადაწყვეტილებას მიაღებინებს. მათი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ქვეყანაში, საგანმანათლებლო დაწესებულება პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და სიტყვის თავისუფლება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ქვეყნისთვის სტუდენტების როლი, რომ  ფასდაუდებელია ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ საზოგადოების ეს სეგმენტი ქვეყანაში პრიორიტეტული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და გვსურს დასავლურ ოჯახს შევუერთდეთ, განათლების მიმართულებით ევროპას დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით, რასაც არაერთი კვლევაც მოწმობს.

მეტის ნახვა