რატომ გაუქმდა ბსუ-ში Welcome Party?

ბსუ

გასულ კვირას, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 სექტემბერს, უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელებისთვის Welcome Party გაიმართებოდა.

წვეულების ბილეთის საფასური 15 ლარი იყო. სტუდენტებმა თანხის შეგროვება დაიწყეს, თუმცა გუშინ, გაიგეს, რომ Welcome Party აღარ ჩატარდებოდა, მიზეზი უცნობია.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ამ პასუხისმგებლობას ბსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობა გაურბის.

"გარკვეული მიზეზების გამო, ბსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობა ამ პასუხისმგებლობას გაურბის, მაგრამ თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, იქმნება მოხალისე სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც თქვენი დახმარებით ყველაფერს შეძლებს და welcome party იქნება", - წერს ერთ-ერთი სტუდენტი ფეისბუქ ჯგუფში "ბსუ 2022".

სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება ბსუ-ს თვითმმართველობის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაცია წვეულების გამართვის შესახებ - პოსტი სავარაუდოდ, წაშალეს. თვითმმართველობის გვერდზე ვერც განცხადებას იპოვით იმის შესახებ, რომ Welcome Party გაუქმდა.

წვეულების ორგანიზატორი ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა იყო. ჩვენ დავუკავშირდით თავმჯდომარეს, ლიკა დიასამიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მიზეზი არ იცის და ტელეფონი გაგვითიშა. მასთან დაკავშირება ისევ ვცადეთ, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

მოგვიანებით, დიასამიძე თავად დაგვიკავშირდა და წვეულების გაუქმების მიზეზად საორგანიზაციო საკითხებში წარმოქმნილი გაუგებრობა დაასახელა. აღნიშნა ისიც, რომ Welcome Party "გადადეს".

"საორგანიზაციო საკითხებში რაღაც გაურკვევლობა იყო და მაგიტომ გავაუქმეთ, კი არ გავაუქმეთ, უბრალოდ გადავდეთ და განვახორციელებთ მოგვიანებით, შეგატყობინებთ", - გვითხრა თვითმმართველობის თავმჯდომარემ.

ლიკა დიასამიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა სახის პრობლემები წარმოიქმნა და რა ვადით გადაიდო Welcome Party, თუმცა თავმჯდომარემ ტელეფონი ისევ გაგვითიშა.

აქვე დაგაინტერესებთ: როგორ მოიპოვა ლიკა დიასამიძემ თანამდებობა?

მეტის ნახვა