რუსული, "ქურდული" სიმღერა მოსწავლეების ტიკ-ტოკზე

ვიდეო, რომელშიც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად რუსულ რეპზე ერთობა, სოციალურ ქსელში, დაახლოებით, 2 კვირის წინ გამოჩნდა. მოზარდებმა იგი თავდაპირველად ტიკ-ტოკზე, შემდგომ კი ფეისბუქზე ატვირთეს.

სიმღერა რუსულ ენაზეა,თუმცა ამაზე უფრო პრობლემური მისი შინაარსია. იგი ხელს ქურდული მენტალიტეტის პოპულარიზაციას უწყობს. ტიკ-ტოკ ვიდეოს სოციალურ ქსელში ლაიქერები მალევე გამოუჩნდა. კომენტარების ავტორების სრული უმრავლესობა კმაყოფილია და კონტენტის მიმართ სიმპატიითაა განწყობილი.

ვიდეოს მოწონება  მხოლოდ ლაიქში ვერ ჩაატია მმართველი გუნდის დეპუტატმა ქობულეთის საკრებულოში. ალეკო ხიდაშელმა რუსულ სიმღერაზე აცეკვებული პედაგოგი „დაგულა“ კიდეც. დღეს კი სრულიად საპირისპირო რამ გვითხრა

იყო თუ არა ჩაქვის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დამრიგებლის ქმედება გააზრებული და იცოდა თუ არა ხათუნა კეკელაშვილმა რომელ მუსიკას იყენებდნენ მოსწავლეები ტიკ-ტოკის ვიდეოსთვის? პედაგოგი ამბობს, რომ არა. მასწავლებლის მტკიცებით, ქურდული მენტალიტეტის შინაარსი მისთვისაც მიუღებელია და ამის შესახებ, მოზარდებს სოციალურ ქსელებში ვიდეოს ატვირთვის შემდეგ უთხრა კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

კითხვები გვქონდა სკოლის დირექტორთანაც, თუმცა  ნათელა ტაკიძეს  მობილური ტელეფონი დღეს გათიშული ჰქონდა.

კანონი არ დარღვეულა, თუმცა სამაგალითოდ ვერ გამოდგება - ასე აფასებენ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგის ცეკვას რუსულ, ქურდული შინაარსის სიმღერაზე ოპოზიციაში. პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“  ამბობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა აზოვნებაში ჩარჩენა და  რუსული პროპაგანდა.

ხათუნა კეკელაშვილი საგანმანათლებლო სფეროში 20 წელია მუშაობს.მას შემდეგ, რაც „მაცნე“ პედაგოგს კრიტიკული კითხვებით დაუკავშირდა, მასწავლებელმა მოსწავლეებთან გადაღებული პოსტი ფეისბუქ გვერდიდან რამდენიმე წუთში წაშალა. 

მეტის ნახვა