საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდა

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოსტზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა, რომელიც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ამილახვარი ახალ პოზიციაზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამილახვარს "ღირსეული განათლება აქვს მიღებული და წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვს".

"ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა აშშ-ში, გერმანიაში. გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში მაქსფლანგის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე, მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მაგალითი მისცა, თუ როგრ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი", - თქვა ღარიბაშვილმა ამილახვარის წარდგენისას, ბრიფინგზე.

რაც შეეხება ჩხენკელს, იგი ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება. პრემიერის ინფორმაციით, უკვე ყოფილმა მინისტრმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მეტის ნახვა