ამოქმედდა მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა

მედიკამენტები

დღეიდან, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

"ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე," - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა, სხდომაზე, აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.

"ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა