ახალი ამბები • 1746028200
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრას 10-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭებიც შეძლებენ - სიახლე

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. სერვისით 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭები ისარგებლებენ. შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
"ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი", - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ.
ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.

1739131407