დიდი ოდენობით თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურა

უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ  ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, 53 444 ევრო ბრალდებულის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. "შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულმა საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, ავსტრალიიდან ჩარიცხული უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დიდი ოდენობით თანხები, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაწევრებით გადარიცხა ლიბანში, მისივე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რა გზითაც 131 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას გულისხმობს"- წერია  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გრძელდება გამოძიება. 

მეტის ნახვა