ახალი ამბები • 1732284277
გალიფ ოზთურქის სახლში 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს - პროკურატურამ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინა
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.
„საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.
სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს.
1727447820