ახალი ამბები • 1728068947
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. დასკვნითი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.
სხდომის პარალელურად, აქტივისტები და ლაზარეს მხარდამჭერები სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
1726726009