ჩაკეტილი გზები და პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით - რა მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში?

შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი თოვაა. ხულოს ცენტრში, თოვლის საფარი ნახევარ მეტრამდე აღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი, 70–80 სმ-ია. დიდთოვლობის შედეგად, მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან, 13 ადმინისტრაციულ ერთეულში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოს ცენტრსა და სოფლებში პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. უწყების ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში. მუშაობს 15 ერთეული ტექნიკა, გვაქვს შტაბის სხდომაც და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - უთხრეს TV25.GE-ის ხულოს მერიაში.

ინტენსიურად თოვს შუახევშიც. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ახალი თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-40 სმ-ია, მაღალ ზონაში 60-80 სმ. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 1 500 აბონენტს.

"ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები. დილის საათებში ელექტროენერგიის მიწოდებას იყო შეფერხება. ამ დროისათვის 1500 აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. მერიაში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს", - უთხრეს TV25.GE-ის შუახევის მერიაში.

რაც შეეხება ქედას, აქ გვითხრეს, რომ ახალი თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრამდე აღწევს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, გადაადგილებაზე შეფერხება არ ფიქსირდება.

"თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრამდეა, მდგომარეობა მართვადია. გზაზე გადაადგილების მხრივ პრობლემა ჯერჯერობით არ ფიქსირდება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მხრივ იყო შეფერხება, ნაწილში აღდგენილია, ნაწილში კი ისევ მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები", - უთხრეს TV25.GE-ის ქედის მერიაში.

მეტის ნახვა