ახალი ამბები • 1728566105
ხულოში, ხოზრევანიძეები დახმარებას ითხოვენ - ოჯახი შემოსავლის წყაროს კარგავს
ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები ხოზრევანიძეები მიწის ნაკვეთს ნელ-ნელა კარგავენ. ოჯახის შემოსავლის წყარო ან მეწყერს მიაქვს, ან კიდევ როგორც თავად ამბობენ, ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების გამო შექმნილ საფრთხეებს ეწირება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და სურთ, რომ მმართველმა გუნდმა პირობა შეასრულოს - ოჯახს ან კომპენსაცია გადაუხადოს, ან სოფლის გზა გაამაგროს.
ერთი რიგითი ადგილობრივი, იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც სოფელ კვატიაში ახალი შიდა სასოფლო გზის მშენებლობას მოჰყვა. ამბობს, რომ საგზაო დეპარტამენტმა, ჯერ მისი ნაკვეთი გამოიყენა, თან უსასყიდლოდ, შემდეგ კი გზა ისე გაჭრა, მამაპაპისეულ მიწას ძირი ფაქტობრივად გამოაცალა. ეს 2019 წელს მოხდა. მას შემდეგ, ამ მხარეში, მომატებული რისკის პირობებში ცხოვრობენ.
შადიმანი მიიჩნევს, რომ მიწა რომელზეც გვესაუბრება, გასულ საუკუნეში, ისედაც მეწყრის შედეგად ჩამოსული მასაა. ამ რამდენიმე წლის წინ წარმოებული სამუშაოებით კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმეს. მისი ნაკვეთი უფრო და უფრო იბზარება და აღარც სამანქანე გზა უდგება. იგი, დაპირების შესრულებას ითხოვს, ისე, როგორც ეს მეზობლის შემთხვევაში მოხდა, რადგან როგორც თავად გვიმტკიცებს, მიწა, მოტყუებით სწორედ საგზაო დეპარტამენტმა წაართვა.
შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომ 2019 წელს, როდესაც ხიდისა და გზის პროექტი მუშავდებოდა, აჭარის საგზაო დეპარტამენტს არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მოქმედი მერი ხელმძღვანელობდა. მას უშუალოდ ჰქონდა პირობა ჩიქოვანისგან, რომ ნაკვეთს არ შეეხებოდნენ და გზა არა მიწის, არამედ მდინარის კალაპოტის ხარჯზე გაფართოვდებოდა. ეს ასე არ მოხდა.
მამაპაპისეული მიწა, რომელსაც ბუნებრივი და ხელოვნური პროცესების შედეგად ნელ-ნელა კარგავს, საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს. ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზით, გაფორმებაზე წლებია უარს ეუბნებიან. თუმცა აქვე იმასაც განმარტავს, რომ ანალოგიურ პირობებში მყოფ მეზობელს, მსგავს შემთხვევაში უარი არ უთხრეს და რისკის ზონაში მოყოლილ ნაკვეთში, კომპენსაციაც გადაუხადეს. არ იცის, რატომ დაუშვეს მასზე გამონაკლისი.
ხულოს მერიას პერიოდულად აკითხავს, თუმცა აქ საგზაო დეპარტამენტში ამისამართებენ. იგივე გვითხრეს ჩვენც, თუმცა დეპარტამენტში სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხეს.
1728068947
1726854943
1726726009