ქედაში, ქვის ლოდი დაგორდა და სახლს დაეცა - დანგრეულია შენობის ერთი ნაწილი

უხვი ნალექის შედეგად, ქედაში მეწყრული პროცესები განვითარდა. ფერდობიდან ჩამოვარდნილი რამდენიმე ტონიანი ქვის ლოდი ღოღობერიძეების საცხოვრებელ სახლს დაეცა და შენობის ერთი ნაწილი მთლიანად დაანგრია. ხუთ წევრიანი ოჯახი, ამ დრომდე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში რჩება. ზედა ბზუბზუში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფერდობზე კიდევ რამდენიმე ქვის ლოდია. პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს.

ღოღობერიძეებს იმედი, რომ მერია რამდენიმე საათში ტერიტორიიდან გაასახლებდა, ერთ წუთში გაუცრუვდათ. მათი თქმით, იმის მაგივრად, რომ ქედის მერს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიიდან ალტერნატიულ ფართში გაეყვანა, ურჩია, რომ ნათესავებისთვის მიემართათ და ღამით ოჯახის ახლობლებთან წასულიყვნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფის მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდა. 112-ის თანამშრომლები მხოლოდ ფოტოების გადაღებით შემოიფარგლნენ და ქვის ლოდი ტერიტორიიდან არ გაუტანიათ.

რამდენიმე ტონიანი ქვის ლოდი ახლა სახლის მეორე სართულზეა. როდის ჩაანგრევს იატაკს არავინ იცის. საცხოვრებლის ერთი კედელი მთლიანად დანგრეულია. სახლში მოხუცები და მცირეწლოვნები ცხოვრობენ.

მეწყრული პროცესის განვითარების შიშით, ზედა ბზუბზუში ორი წელია ცხოვრობენ. ქვის ლოდები ახლოს მდებარე ტყეში წლებია უყურადღებოდაა დატოვებული. მათი გატანის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას და სამაშველო ჯგუფს არაერთხელ მიმართეს. მერიის უყურადღებობის გამო კი, მძიმე შედეგი დადგა.

ქედის მერისთვის, ჩვენს მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა. გვიმტკიცებდა, რომ ოჯახს ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. როლანდ ბერიძემ დაადასტურა, რომ შეთავაზებულ წინადადებაში ნათესავებთან გადასვლაც იყო, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, ისინი ქირით გასვლაზე უარს იტყოდნენ. მერის თქმით, ღოღობერიძეებმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.

იტყოდა თუ არა მსგავს პირობებში მცხოვრები ოჯახი ქირაზე უარს თავად განსაჯეთ. ფაქტი ერთია ახლა რამდენიმე ტონიანი ქვის ლოდი, საძინებლებს შორისაა გაჭედილი, როდის დაიძრება და სახლს ბოლომდე, როდის ჩამოანგრევს, არავინ იცის.

მეტის ნახვა