ახალი ამბები • 1728068947
თამბაქოს მოყვანა-რეალიზება - ტრადიციული კულტურა მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ფასს ნელ-ნელა კარგავს
ტრადიციული კულტურა მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ფასს ნელ-ნელა კარგავს. თუ კი ერთ დროს მაგალითად ქედაში, თამბაქო, შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო, დღეს მის მოყვანას, ფერმერები, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინდომებენ. პროდუქტის მოყვანა და დამუშავება ადგილობრივებს იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ბაზარზე კილოგრამის ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტებში უამრავ ოჯახს ნახავთ, რომლებსაც გასული წლების მოსავალი ისევ შენახული აქვთ. ფერმერები თამბაქოს მიმღები პუნქტის გახსნას ელოდებიან, თუმცა ასეთი ობიექტი ჯერ არსად ჩანს.
თამბაქო მაღალმთიან აჭარაში, ერთ-ერთი ტრადიციული კულტურაა. ერთწლოვან კულტურას დღესაც ბევრი თესავს, თუმცა ბაღებს ისე ხშირად ვეღარ შეხვდებით, როგორც წლების წინ. ფერმერების დიდ ნაწილს თამბაქოს დათესვა დღის წესრიგშიც კი აღარ აქვს. ამას ერთი მიზეზი აქვს. ადგილობრივ თამბაქოს, ბაზარზე ფასი აღარ აქვს, რეალიზაცია ჭირს და ფერმერებს შრომად არ უღირთ.
ფერმერები ამბობენ, რომ თამბაქოთი მოვაჭრეები მათ კილოგრამ გამომშრალ პროდუქტში მხოლოდ10-15 ლარს სთავაზობენ, ეს კულტურის მოსაყვანად გაწეული შრომისთვის მიზერული თანხაა, მაშინ როცა, თუთუნით მიღებული შემოსავალი, ადგილობრივებისთვის სარჩო და შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. ახლა, ქედაში, სოფელ ვაიოში, ჩიკვაიძეებს, ჩითილები, მხოლოდ სახლში მოხმარებისთვის გამოჰყავთ.
ქედის კიდევ ბევრ სოფელში შეხვდებით თამბაქოს კონებით სავსე ნალიებს და სხვენებს. ეს გასული წლების მოსავალია, რომელიც ფერმერებმა ვერ გაყიდეს. სოფელ კვაშტაში, ამ კონკრეტულ ფერმერსაც, რეალიზაცია დაბალი ფასის გამო დაენანა. არსებული ღირებულება, მოყვანის ხარჯებს ვერ ასწორებს,
თამბაქოს მოყვანა ჯაყელების ოჯახში ათეული წლების ტრადიციაა, რომელსაც ვერ ღალატობენ. ამიტომაც სათბურში მცირედი თუმცა ნერგის გამოსაყვანად მაინც დათესეს. ამას ისიც დაემატა, რომ მუნიციპალიტეტში, თამბაქოს მიმღები პუნქტის გახსნას ელოდებიან. სოფელში ამბობენ, რომ ხელშეწყობის პირობებში, სოფელს ყველა დაუბრუნდება და მიწაზე მუშაობას მასიურად დაიწყებენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ადგილობრივი ფერმერები მძიმე მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც საქართველოს პარლამენტში, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ თამბაქოს იმპორტი უცხოეთიდან დაიწყო, ნაცვლად იმისა, რომ ხელი, ადგილობრივი წარმოებისთვის შეეწყო.
იმ ფერმერებს, რომლებსაც თუთუნი წლებია მოჰყავთ, უაქციზო თამბაქოს, გაყიდვის საშუალება, მხოლოდ აჭარაში აქვთ. რეგიონის გარეთ გატანის შემთხვევაში, აქციზური მარკის დადება მოეთხოვებათ, რაც მათთვის დამატებითი დაბრკოლებაა.
1726726009