განმეორებითი ხანძარი ბათუმში - ფშაველას ქუჩაზე ცეცხლმა ბარაკული ტიპის სახლი სრულად გაანადგურა

განმეორებითი ხანძარი ბათუმში. ვაჟა ფშაველას ქუჩაზე კვლავ გაჩენილმა ცეცხლმა ბარაკული ტიპის სახლი სრულად გაანადგურა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. აქ მცხოვრებლების თქმით, შენობაში ცეცხლი ბოლომდე ჩამქრალი არ იყო და ფაქტის განმეორების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 15 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ღამის საათებში, ხანძარი განმეორდა, რის შედეგადაც ბარაკული ტიპის სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეები, უსაფრთხო საცხოვრებლებში დღის საათებში გაიყვანეს, შესაბამისად, ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის ხელმეორედ გაჩენის მიზეზი? ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძრის კერა იყო დარჩენილი, რამაც ცეცხლის გაღვივება განაპირობა.

ცეცხლი იმ ნივთებს გაუჩნდა, რაც პირველად გაჩენილ ხანძარს გადაურჩა. დაკვამლიანება ღამის საათებშიც ძლიერი იყო, თუმცა, მეხანძრე მაშველების რამდენიმე ჯგუფმა მისი ლიკვიდირება მალევე მოახდინეს.

თხუტმეტამდე ოჯახი, რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, მერიამ უკვე დააბინავა. ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებლები, სხვადასხვა სასტუმროებში, იმ დრომდე, გადაანაწილეს, ვიდრე ინვესტორი გამოჩნდება.

სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მეტის ნახვა