მარეგულირებელმა "თურმანიძის მალამოს" წარმოება გააჩერა

თურმანიძის მალამო

საქართველოში რეგისტრირებულ 32 ფარმაცევტულ საწარმოს GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, საქმიანობა შეეზღუდა. საწარმოთა ჩამონათვალში ქართული წარმოების სამკურნალო მალამოების მწარმოებელი კომპანია „თურმანიძე +“ მოხვდა.

კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან შემოვიდა და ხუთი სახეობის მალამოსა და ანტისეპტიკურ-სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებდა.

BM.GE-თან ინტერვიუში, კომპანიის დირექტორის მოადგილე, გიორგი თურმანიძე ამბობს, რომ კომპანიაში მიესალმებიან GMP სტანდარტის დანერგვას, თუმცა მათ წარმოებას ახალ სტანდარტებზე გადასვლისა და მორგების ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. მათი თქმით, საწარმოს წლიური წარმადობა 40-50 ათასი ცალი მალამო იყო.

„გვქონდა შეხვედრა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, წერილიც მივწერეთ, თუმცა კონკრეტული პასუხები არ გვქონდა, გადაგვიწევდნენ თუ არა ვადას წლის ბოლომდე. მათთან კომუნიკაცია ძალიან ძნელია. მექნება მარტივი შეკითხვა - იმისთვის, რომ სრულად არ დავიკეტოთ, მექნება თუ არა განსხვავებული ფორმით წარმოების გაგრძელების შესაძლებლობა, რადგან სულ 10 კაცს ვასაქმებთ და მათი გაშვება მოგვიწევს“, - თქვა გიორგი თურმანიძემ.

მისი ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერსაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

მეტის ნახვა