"მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ ერთი კვირის წინ, შესრულებულია - მზია ჰოსპიტალიზებულია, ვიღებთ კარვებს"| მალხაზ ჭკადუა

მზია

მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გახდა ცნობილი, ბათუმში, საკონსტუტუციო სასამართლოსთან გაშლილი კარვები აიღეს. ორგანიზატორებმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, რომ საფრთხე არ დაემუქროს ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ჯანმრთელობას, შესრულებულია. მალხაზ ჭკადუას თქმით, ისინი პროტესტს ყოველდღიურ რეჟიმში, 19:00 საათიანი აქციებით განაგრძობენ.

 

"ერთი კვირის წინ დავიწყეთ საპროტესტო წინააღმდეგობის ეს ფორმა, სწორედ იმ მოთხოვნით, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებოდა და ყოფილიყო ექიმების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილია, რომ ის გადაიყვანეს ვივამედში და მინიმუმ იმ სამედიცინო პროცედურებს ჩაუტარებენ, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ ერთი კვირის წინ, შესრულებულია - ბათუმის და ქვეყნის წინააღმდეგობის მოძრაობის მორიგი გამარჯვებაა, მზია ამაღლობელის ჰოსპიტალიზება, ამიტომაც ვიღებთ კარვებს და პროტესტს ყოველდღიურ რეჟიმში განვაგრძობთ."- აცხადებს მალხაზ ჭკადუა, რომელიც რამდენიმე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავში ათენებდა ღამეს

„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაკავებისას და შემდგომ არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო.

მეტის ნახვა