მშობელი კერძო საბავშვო ბაღის წინააღმდეგ

მშობელი კერძო საბავშვო ბაღის წინააღმდეგ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის დედა უყურადღებობაში ადანაშაულებს. მცირეწლოვანის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაგა-ბაღი მისი შვილის მიმართ უყურადღებობით გამოირჩეოდა და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ფეისბუქზე მშობელი ფოტომასალას ავრცელებს. სურათებზე ჩანს დაზიანებები სხეულზე. დედა აღნიშნავს იმასაც, რომ პრეტენზიების გამოხატვის შემდეგ, ბაღის ადმინისტრაციამ მას უსაყვედურა და არაადეკვატური უწოდა, ამის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაბლოკა.  მშობელს კამერის წინ საკითხზე საუბარი არ სურს. 

„ბაღში არის ძალიან უყურადღებობა, თან დავურთავ ფოტოებს თუ რა დამართეს ბავშვს ბაღში. ფოტოები არის სხვადასხვა დღის. ამ ბაღში ბავშვი შევიყვანე 1.3 თვის იყო და გამოვიყვანე 1.8 თვის. ამ დროის განმავლობაში (ხო თან ვიტყვი, რომ ნაცნობობით მოვხვდით ამ ბაღში) ვიყავი ძალიან ყურადღებიანი, ვუყურებდი კამერებს და ვაკვირდებოდი ყველაფერს. თავიდან თითქოს კარგად იყო ყველაფერი, თუმცა მერე ჰქონდათ ხარვეზები. როგორც კი აღმოვაჩენდი ხარვეზებს, ეგრევე ვახდენდი რეაგირებას შესაბამის პირთან. მეუბნებოდნენ, დამშვიდდი, გამოსწორდება, დაველაპარაკებით ძიძებს. ასე გავატარეთ 5თვე ბაღში. დაჟე პატარების ჯგუფიდან გადავიყვანეთ 3-4წლამდე ჯგუფში იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა რამე, მაგრამ ამაოდ და ბოლოს ავდექი და გამოვიყვანე ბავშვი და ისიც კი მითხრეს, რომ რა ტვინი წაიღე შენი პრეტენზიებითო.  ერთ ერთ ჯგუფში დავდე პოსტი და ამ პოსტის დდების შემდეგ ბაღმა დადო პოსტი და მიწოდა არაადეკვატური. მოკლედ დანარჩემი თქვენ შეაფასეთ“-წერს მშობელი სოციალურ ქსელში. 

ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "პრობლემა მშობელმა თავად შექმნა" და  მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის თქმით,  მშობლების 99% მათი სერვისით კმაყოფილია და მათთვის გაუგებარია, რა გახდა აღსაზრდელის დედის აგრესიის მიზეზი. 

"ენტეროვირუსიანი ბავშვი მოიყვანა და გვთხოვა, რომ დაგვეტოვებინა... რადგან დამტოვებელი არ ჰყავდა და სამსახურში უნდა წასულიყო. ერთი დღე დატოვა, მეორე დღე დატოვა და შედეგიც სახეზე იყო. მშობელს ბაღი კი არ უნდოდა, ძიძა სჭირდებოდა. პრობლემები თვითონ ააგორა. ისიც არ არის დადასრურებული, ბავშვს სად უკბინეს - ბაღში თუ სახლში... ვერ გავიგე, ვის შეიძლება ეწოდა მისთვის არაადეკვატური, მაგრამ თვითონ ისეთი სიტყვები გვეხაძა, როგორც ფიზიკურ პირს, ამოწურული აქვს ჩვენს ბაღთან ურთიერთობის რესურსი" - აცხადებს ბაღის დირექტორი.

მეტის ნახვა