საპროტესტო აქცია ქობულეთში | რას ითხოვენ ბობოყვათელები

პროტესტი ქობულეთში. ბობოყვათის მოსახლეობა, რომელიც ადრე ხმაურიან აქციებს მამაპაპისეული მიწები საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით მართავდა, ახლა კვლავ ქუჩაშია. საქმე ისაა, რომ სარგებლობაში არსებული ტერიტორია ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაასხვისა. მოქალაქეებმა კომპანიისგან მიიღეს, თუმცა ამჯერად პრობლემები ფართების დაკანონებაშია.  ახლა ქობულეთელების პრეტენზიების ადრესატი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრია.

 

85 წლის გულიკო მსხალაძე ერთ-ერთია იმ 100 ოჯახიდან, რომელსაც ბობოყვათში, სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში არ დაურეგისტრირა  და აუქციონის წესით გაყიდა. ქალი გვიყვება, რომ კომპანიამ, რომელმაც ეს ტერიტორია შეისყიდა, კეთილი ნება გამოიჩინა და  ყველა ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადასცა. ახლა პრობლემა ისაა, რომ  თვეების განმავლობაში ამ ფართების საკუთრებაში დარეგისტრირებას  ვერ ახერხებენ.

ბობოყვათელები დღეს ქობულეთში, იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. გამაფრთხილებელ აქციაზე თქვეს, რომ პროცესი რამდენიმე თვეა ხელოვნურად ჭიანურდება და ამაში დამნაშავე საჯარო რეესტრია.

აქციის მონაწილეები საჯარო რეესტრს საკითხის მოსაგვარებლად ერთ კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასა და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

ჩვენ დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საიდანაც მოგვწერეს, რომ:

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა შპს „პეტრა სი რეზორტსის“ განცხადება, რომელიც შემოტანილი იყო ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე ამ კომპანიის საკუთრების რეგისტრაციის მიზნით. დოკუმენტაციაში არსებული რიგი ტექნიკური უზუსტობების გამო, დადგინდა ხარვეზი. საჯარო რეესტრს მუდმივი კონტაქტი აქვს შპს „პეტრა სი რეზორტსის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ უზუსტობების გამოსასწორებლად.  რაც საჯარო რეესტრმა შეიტყო მოქალაქეების უკმაყოფილების შესახებ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა შეკრების ორგანიზატორს და შესთავაზა შეხვედრა შესაბამისი კომპეტენციის პირებთან საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით“

ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაშიც.  შპს „პეტრა სი რეზორტსის“ იურისტი ამბობს, რომ ხარვეზი,რომელიც რეესტრის მხრიდან შეიქმნა, უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

მეტის ნახვა