ახალი ამბები • 1728068947
9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად | NGO-ების რეკომენდაციები
12-მა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს დეტალურად წარადგინა საკუთარი ხედვა იმ გადასადგმელი ნაბიჯებისა და გასატარებელი რეფორმების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება. ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" ხისტი პოზიციისა და პროპაგანდისტული ბრალდებებისა, ისინი მზად არიან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩაერთონ და საკუთარი ხედვებით დაეხმარონ ქვეყნის ინტერესებს.
"ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.
კერძოდ, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის მინიჭება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება.
ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას, მაგალითად:
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ბიურო იტოვებს უფლებამოსილებას 2 თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია და არც საჯარო ინფორმაციის ფარგლებში გასცეს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას;
გასული წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს 9 ძირითადი მიმართულებით, რომელთა შორის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაა.
ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სთხოვს.
ვენეციის კომისიამ ხარვეზები გამოავლინა ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და უფლებამოსილებების ნაწილში. კომისიის დასკვნით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ პასუხობს მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადაჭრის გაცხადებულ მიზანს. ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა.
ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების ამ პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას", - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
1726726009