აჭარაში კორუფციული ფაქტები მზარდია, მათზე რეაგირება კი პრობლემა | TI-ის ვრცელი კვლევა რეგიონებზე

მზარდი კორუფციული ფაქტები რეგიონში და მათზე რეაგირების პრობლემა - ამ სათაურით, კრიტიკულ ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც ორგანიზაცია სხვადასხვა დროს იკვლევდა და რეაგირებისთვის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა.

მესამე სექტორი ასკვნის, რომ კორუფციის სავარაუდო შემთხვევები სულ უფრო იმატეს, რადგან თანამდებობის პირებსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო შემსყიდველებისგან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. ამ კომპანიებმა კი ბოლო 10 წელში, 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს.

ვრცელ კვლევაში პირველი ადგილი აჭარას უჭირავს. ამ შემთხვევაში საუბარია 736 მილიონ 469 ათას 823 ლარზე.

სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მხილებულთა შორის მოხვდნენ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავებსა და ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან დაკავშირებული კომპანიები.

ჩამონათვალთა შორისაა ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძისა და ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის კომპანიები. სიაშია მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიებიც.

უფრო ზუსტად:

"აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღო.

ბოლოს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის - შპს “გიგა-2015”-ს, შპს “აისის”, შპს ‘ქედეს” და შპს “როდას” სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა. მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან  დაკავშირებული კომპანიები - „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში - კომპანიებმა 79 627 110 ლარი  მიიღეს.

“აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე.

თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია

ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის კომპანიამ, “ჯორჯიან სტოუნმა” 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 47 640 633 ლარი ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტი ტენდერებიდან მიიღო.

„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თანხის 74%-ზე მეტი - უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ  მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.

ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში,  შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.

ბათუმის საკრებულოს წევრის,  ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა მიიღეს  სარგებელი ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან - 1 407 584 ლარი.

შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა.

ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ” სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 358 938 ლარი მიიღო, მათ შორის 1 344 876 ლარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 85% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.

მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონამდე ლარი მიიღო აჭარაში.

სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო  335 638 719 ლარი.

გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 - Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე”  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1 394 000 ლარი", - წერს ორგანიზაცია.

 

კვლევა სრულად.

მეტის ნახვა