ახალი ამბები • 1728566105
აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯაბა ფუტკარაძეს მოუსმინეს
მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ჯაბა ფუტკარაძეს მოუსმინეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ვიდრე მომხსენებელი ტრიბუნას დაიკავებდა, დარბაზში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ და მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ. დღევანდელ სხდომას ფრაქცია ენმ არ ესწრებოდა. პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მიმართა, მედეა ვასაძე იყო.
დიახ ია. მედეა ვასაძემ პირველმა ისარგებლა სიტყვის უფლებით. მან, ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო გამოსვლა. თქვა, რომ იმაში, რაც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე ხდება, ბრალი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის. რომ, ამჯერად, ქუჩაში, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილია გამოსული და თითოეულ მათგანს ესმის, რას და რისთვის აპროტესტებს.
მედეა ვასაძემ კითხვითაც მიმართა კოლეგებს. სთხოვა, გაეცათ პასუხი რა გააკეთეს ცუდი მესამე სექტორში მუშაობისას, რისი გაგრძელებაც არ სურდა და ახლა გადაწყვეტილებების მიმღებლების პოზიციიდან ებრძვიან მათ.
ერთ-ერთი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლამდე, არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და არაერთ საგრანტო პროექტს ახორციელებდა, დღეს ამ დარბაზში ლადო მგალობლიშვილი იჯდა. მან თქვა, რომ მდიდარი ორგანიზაციები მხოლოდ მაღალ ხელფასებს იცავენ და რეალურად, დასავლური ღირებულებებისთვის არ იბრძვიან.
კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოეხმაურა დღეს ამ თემას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხალხი რეალურად არ იცნობს კანონის შინაარსს, რომ აქციაზე გასული ახალგაზრდები ბრმად ენდობიან აქციის ლიდერებს და სინამდვილეში, „რუსულ კანონად“ წოდებული კანონპროექტი სრულიად ქართულია.
პოლიტიკური განცხადებების ამოწურვის შემდეგ, ტრიბუნა უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაიკავა. ჯაბა ფუტკარაძემ, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნა, რომ წარმატებული ეკონომიკური წელი იყო და შეძლეს, შეენარჩუნებინათ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც შეეხებოდა ასევე ტურისტულ მიმართულებებს.
მთავარი კითხვები, რაც მინისტრს დაუსვეს, ეს შეეხებოდა მაგალითად მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების საკითხს, ასევე, სოციალური სახლების მშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებულ თემებს.
მინისტრს, ჰკითხეს, ასევე, როდის შევა ექსპლუატაციაში ოჩხამურის ნაგავსაყრელი.
რატომ პატიობენ კომპანიებს, აღებული და დროში შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებულ მილიონობით ლარის პირგასამტეხლოებს - ამ კითხვით, მინისტრს, მედეა ვასაძემ მიმართა.
დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. ჯაბა ფუტკარაძის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებმა, კენჭი ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომიტეტების 2023 წლის საქმიანობების ანგარიშს უყარეს.
1728068947
1726854943
1726726009