"აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ" - პრეზიდენტის განცხადებები ევროპარლამენტიდან

„აქ ვდგავარ ისეთივე ევროპული ამბიციებით, როგორც საქართველო ევროკავშირისკენ ყოველთვის მიისწრაფოდა.“ - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტზე ისაუბრა, რაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინია.

ზურაბიშვილმა საჯაროდ ისაუბრა ევროკავშირის ეკონომიკურ სიკეთეებზე და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მადლობის გადახდა რომელიმე სექტორის განვითარებისთვის, ამორალურია.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აზრი არ აქვს მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელშია საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. პრეზიდენტმა მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი შეეხო ე.წ. რუსულ კანონსაც, რომლის მიღებაც მმართველ გუნდს სურდა. ზურაბიშვილის შეფასებით კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

რაც შეეხება შეწყალების უფლების გამოყენებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინასა და ვოლოდიმირ ზელენსკის. თქვა, რომ სჯერა, უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინას, ევროპარლამენტის დარბაზში, თავისი წარმომადგენელი ეყოლება.

მეტის ნახვა