ახალი ამბები • 1732284277
აგენტების კანონი და პროტესტის დაშლა | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები
აგენტების კანონის წინააღმდეგ შეკრებილი საზოგადოება და გადამეტებული ძალით დაშლილი საპროტესტო აქცია. ნაცემი ხალხი, დაშავებული პოლიტიკოსები და ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო გაბრაზებული ერი. როგორ აფასებენ მომხდარს ადგილობრივ დონეზე? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.
პირველი მაისის ღამე, ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხი, სპეცრაზმმა სასტიკი მეთოდებით დაარბია. ნიღბიანების აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა ყველა, მათ შორის ქალებიც და ახალგაზრდებიც
სპეცრაზმმელებმა, სასტიკად სცემეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომელსაც ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებული აქვს თვალიც. პოლიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის სახეზე დღეს რუსული აგრესიის შედეგი დაოკუპანტების რეჟიმის ქმედება დავინახეთ.
პროტესტის დასაშლელად გამოიყენეს წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სპეცრაზმის წარმომადგენლები მომიტინგეებთან ერთად, თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. პარტია დროას წევრი ამბობს, რომ ასეთი სისასტიკე წარსული და უახლესი ისტორიიდან არ ახსოვთ.
სპეცრაზმისა და სამართალდამცველების გადამეტებული ძალის გამოყენების ფონზე, ქართველი ხალხის განსაკუთრებულ ერთიანობას უსვამენ ხაზს პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ . ვაჟა დარჩია ამბობს, რომ გუშინდელმა ღამემ ნათლად აჩვენა მთავრობის დასასრულის დასაწყისი. თითქმის იდენტური პოზიცია აქვთ პარტია „ახალში“. გიორგი კირთაძის განცხადებით, ახალი თაობა არ დაუშვებს, რომ საქართველო რუსეთში დაბრუნდეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „გირჩი მეტი თავისუფლება“. თემურ გორგაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით, ქართველი სამართალდამცველები ხალხის რუსული მეთოდებით შლიდა.
აქციაზე განსაკუთრებული სისასტიკით სპეცრაზმის წევრები ექცეოდნენ ალეკო ელისაშვილსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ სამართალდამცველებმა 64 პირი დააკავეს, დაშავდა 6 პოლიციელი.
1727447820