ახალი ამბები • 1741954616
ამერიკის ელჩი საქართველოში "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა | რაზე ესაუბრა რობინ დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რობინ დანიგანი, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ცნობისთვის, ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ელჩი "ოცნების" მაღალჩინოსნებს არ შეხვედრია.
"დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება" - წერს საელჩო.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბოჭორიშვილის უწყებაც.
"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად."- წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.