"ანტიკორუფციული მოძრაობა" აჭარაში აღარ ფუნქციონირებს - რატომ?

ანტიკორუფციული მოძრაობა

"ანტიკორუფციული მოძრაობა" აჭარაში აღარ ფუნქციონირებს. ეს მას შემდეგ, რაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო.

ლევან გორგილაძე, რომელიც რეგიონში, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, TV25.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ორგანიზაციის სამუშაო პროცესის შეჩერებაზე მოწოდება თბილისიდან მიიღეს. მისი თქმით, პროცესი იანვრის ბოლომდე შეაჩერეს.

"ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" შიდაპარტიული არჩევნების გამო, რეგიონებში დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე. ცხადია, ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - გვითხრა ლევან გორგილაძემ.

ცნობისთვის, "ანტიკორუფციული მოძრაობა" აჭარაში 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შეიქმნა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ლევან ხაბეიშვილია, რომელიც ახლა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის. თავად ლევან გორგილაძე კი, რომელიც ამ მოძრაობის წევრი იყო, მიმდინარე კენჭისყრაში ნიკა მელიას მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. ენმ-ს ლიდერობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან. საბოლოო შედეგები ცნობილი ორშაბათს, 30 იანვარს გახდება.

მეტის ნახვა