არჩევნების კვალდაკვალ დაგეგმილი ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" | პოლიტიკური პარტიების შეფასებები

არჩევნების კვალდაკვალ დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“. „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე წელია კანონში ჩანაწერებს ცვლის. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება, რეიტინგის დაკარგვის გამო ირგებს კანონს, „ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები უფლებამოსილებების ეფექტური განხორციელებისთვის იგეგმება. რას გულისხმობს მოახლოებული საპარლამენტო კენჭისყრისთვის წარდგენილი კანონპროექტი და რას ითვალისწინებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოფიქრებული ცვლილება? თამარ კიკნაძე არკვევდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“, „საარჩევნო კოდექსში“ მორიგი ცვლილებები წამოიწყო. თუ, ერთ შემთხვევაში, მაჟორიტარული წესი გააუქმა და სრულად პროპორციულ მოდელზე გადავედით, ახლა, სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ მაჟორიტარების ნაცვლად კანონში უნდა გაჩნდეს ცნება - დელეგატი. ანუ, ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც, პროპორციულ სიებში, რეგიონებიდან მოხვდებიან. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს, ამომრჩევლის ირიბად თვალის ახვევის მცდელობაა.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ რეიტინგდაკარგული პარტია, ყოველგვარ მანიპულაციას მიმართავს,  რადგან იციან, რომ მაჟორიტარების გარეშე ვერც გასულ არჩევნებს მოიგებდნენ. ოპოზიციის რწმუნებით, „ქართული ოცნების“ მიზანია ამომრჩეველს აჩვენოს ერთგვარი ბმა სიაში შეყვანილ კანდიდატსა და საარჩევნო ნომერს შორის, რადგან ხშირად ადამიანები პირადი სიმპათიებით უფრო აკეთებენ არჩევანს, ვიდრე პარტიულით.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის ლოგიკას ცხადია ემიჯნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ ტერმინი მაჟორიტარის დელეგატით ჩანაცვლება, საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა, ცოტნე ანანიძე ადასტურებს, რომ ინიციატივა სწორედ იმიტომ წამოვიდა, რეგიონებში, ამომრჩეველსა და სიის წევრებთან ბმა გამარტივდეს. 

„ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთი ინიციატივა წამოაყენა. თუ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი დააწესა, 2025 წლისთვის, ბარიერის სრულად მოხსნას აპირებს და მაჟორიტარული კვოტით მანდატს ის კანდიდატი მიიღებს, ვინც უბრალოდ მეტ ხმას აიღებს. ასე, აზღვევენ მეორე ტურების გამართვის ალბათობასაც. ოპოზიცია ამბობს, რომ ესეც აგონიაში მყოფი პარტიის ოინია.

ზრუნვა თავის გადარჩენაზე და ორიენტირება ხელისუფლების შენარჩუნებისთვის - ასე აფასებენ მმართველი გუნდის მიერ დაყენებულ ინიციატივებს „ლელოში“. აქ ამბობენ, რომ 2021-ში სწორედ მაჟორიტარების წყალობით გაიტანეს თავი, ახლა კი რეიტინგი კიდევ უფრო გაუარესებული აქვთ, ამიტომ ვითარების შესაბამისად ცდილობენ საარჩევნო კოდექსის მორგებას, რათა მეორე ტურები  თავიდან აირიდონ.

ბათუმის თვითმმართველობის უმრავლესობაში, „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე დღეს არ გვესაუბრებიან. ამბობენ, რომ დოკუმენტს არ იცნობენ. არა და, ოცნების მიერ განმარტებულ კონტექსტში ობიექტურ მიზნებს ვერც მესამე სექტორში ხედავენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას თავის გადარჩენის მცდელობა აქვს.

მეტის ნახვა