აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ოპოზიციას და მმართველ გუნდს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა დერეკ შოლეს, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ესაუბრეს. მმართველმა გუნდმა კი, დერეკ შოლესთან ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 

პოლიტიკური მართლმსაჯულება, სიტყვის თავისუფლება და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობა - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ოპოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე. ხელისუფლების ოპონენტების თქმით,  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა  პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს და ამ ვითარებაში, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ინფორმაცია  ენტონი ბლინკენის მრჩეველს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიაწოდეს. ამერიკელი მაღალჩინოსანის ოფიციალური ვიზიტი, სწორედ, მესამე სექტორთან შეხვედრით დაიწყო. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დერეკ შოლეს  პირდაპირ უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპონენტებთან ბრძოლის პროცესში, მთავარ იარაღად, სასამართლოს იყენებს.

დერეკ შოლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ეკონომიკურ განვითარებას. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზეც. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მთავრობის მეთაურთან შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა