აუთვისებელი ბიუჯეტი და განუხორციელებელი პროექტები

გასულ წელს დაგეგმილი და ვერ შესრულებული პროექტების გამო, საქართველოს მთავრობას, დონორებმა 5 მილიონ 771 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს. 2021 წელს, გეგმის მიხედვით, 12 პროექტი უნდა განხორციელებულიყო და ჯამში 72 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 17 მილიონის ათვისება მოხდა. 12 ვერ შემდგარი პროექტიდან, ორი აჭარაში უნდა განხორციელებულიყო. ერთ-ერთი EBRD-ის 4 მილიონ 800 ათასად ღირებული ბათუმის ავტობუსების პროექტია. თანხიდან, ათვისება 0 ლარია, ჯარიმა კი ამის გამო 20 000 ლარი. მეორე ასევე EBRD-ის აჭარის მყარი ნარჩენების პროექტია. გამოყოფილი ორი მილიონიდან მხოლოდ მილიონ 100 000-ის ათვისება მოხდა. ამაოდ გაყინული ფულის გამო, დონორის ჯარიმამ 6 000 ლარი შეადგინა. დასკვნას, სახელმწიფო აუდიტი, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში აკეთებს.

პროექტები იგეგმება, დონორები მათ განსახორციელებლად  ფულს გვაძლევენ და ვადებს გვისაზღვრავენ, თუმცა, შედეგი არ ჩანს. პასუხისმგებელი უწყებები ფულადი რესურსის ათვისებას ვერ ახდენენ, ანუ ფულს ვერ ხარჯავენ და პროექტებს ვერ ახორციელებენ. შედეგად, მოსახლეობა ინფრასტრუქტურის გარეშეა, დონორებს კი, სესხის პროცენტის გარდა, ჩვენი გადასახადებიდან, შეუსრულებელი ვალდებულების გამო, ჯარიმები უნდა გადავუხადოთ. აჭარაში, ამ მიზეზით, სულ, ოთხი განუხორციელებლი პროექტისთვის უნდა გადავყაროთ ფული ანუ მოვაკლოთ ქალაქის და რეგიონის საჭიროებებს და მოწყვლად ჯგუფებს.

ბათუმის მერია, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებით თავს, ხშირად, იწონებს. მუდმივად ამბობენ, რომ ქალაქი, ამ მხრივ, ქვეყანაში, ინოვატორია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გასულ წელს, ავტოპარკის განახლებისთვის, უწყებას, ფული ჰქონდა, საიდანაც ვერცერთი თეთრი დახარჯა. იმის გამო, რომ ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის, EBRD-ის მიერ გამოყოფილი 4 მილიონ 800 ათასი ლარი ხელუხლებელი დარჩა, დონორმა, მთავრობას, 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

6 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა გვიწევს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტისთვისაც. 2021 წელს, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ორი მილიონიდან, მხოლოდ, მილიონ 100 000-ია ათვისებული.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, ერთ-ერთი ბოლო პეტიცია, შუახევიდან გასულ კვირას შევიდა. ავტორები რეგიონის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების ინტერნეტით უზრუნველყოფას ითხოვენ.  ამ ფონზე, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობას, დაბალი ათვისება აქვს ინტერნეტიზაციის პროექტშიც. ორი მილიონ ასი ათასიდან, მხოლოდ, 187 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა. სამაგიეროდ, დაეკისრა ჯარიმა -  325 ათასი ლარი. სამი მილიონ 400 ათასი ლარიდან, გასულ წელს 0 ლარი დახარჯა მთავრობამ KFW პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლებისთვის. დაკისრებული ჯარიმა კი, 195 ათასი ლარია.

გასულ წელს, ფულადი რესურსის დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობას, დონორებმა, მსოფლიო ბანკში, ჯარიმის სახით, სულ, 5 მილიონ 771 ათასი ლარის გადახდა დაავალდებულეს. ეს სანქციაა, არასრულად შესრულებული 12 პროექტის გამო, რომელზეც 72 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურებმა, მხოლოდ, 17 მილიონის ათვისება შეძლეს. დასკვნას, სახელმწიფო აუდიტი, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში აკეთებს.

მეტის ნახვა