ბათუმის ქუჩებიდან აყრილი ქვაფენილი "ოცნების" რჩეულის ეზოში

ბათუმიდან სოფელ კვირიკემდე. გიყვებით ამბავს ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან აყრილ ქვაფენილზე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა. ფილებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ნაკლად თვლიდა, ახლა ახალი მისამართი აქვს. მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით აყრილი ქვაფენილი მმართველმა გუნდმა რჩეულ ბიზნესმენს დაურიგა.

აჩუქა თუ მიჰყიდა არჩილ ჩიქოვანმა გია ჭყონიას ქვაფენილები ამის მტკიცება გადაჭრით ამ ეტაპზე რთულია, თუმცა ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა საკუთარი ბიზნეს ობიექტის ეზო ბათუმელების ფულით შეძენილი ქვაფენილით მოაპირკეთა. წყარო გვიყვება, რომ ბათუმის რამდენიმე ქუჩიდან აყრილი ქვები ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ტყეში მოწყობილი კოტეჯების მიმდებარედ დააგეს. სოფელში მცხოვრებლების თქმით, ქვებს კვირიკის ტყეში სატვირთოებით რამდენიმე დღის განმავლობაში ეზიდებოდნენ. ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ კოტეჯების ეზოები ორი თვის წინ მოაპირკეთეს. ეს დრო ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ბათუმში ფილების აყრა დაიწყეს. პირი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა გვიმტკიცებდა, რომ ქვები ქუთაისში შეიძინეს.

გია ჭყონია პირდაპირ დაკავშირებულია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან. ის ასევე, „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მისი კუთვნილი კომპანია იგებს თითქმის ყველა მსხვილ სახელმწიფო ტენდერს. სარგებლობს შეღავათებითაც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი რამდენიმე თვის წინ მის მფლობელობაში არსებული კოტეჯებიკენ მიმავალი გზა დააგო, სადაც არავინ ცხოვრობს. ჭყონია დღეს ჩვენს ჩართულ კამერებს დაემალა. მივაკითხეთ მის კუთვნილ ობიექტებს, თუმცა თანამშრომლებმა ბიზნესმენთან დაკავშირებაზე უარი გვითხრეს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ჩვენ დავუკავშირდით ორგანიზაცია „გზის“ წარმომადგენლობას, რომელიც გია ჭყონიას მფლობელობაშია. კომპანიის დირექტორი, რომელსაც წინა ხელისუფლების მმართველობისას, ბათუმში ქვაფენილები არ დაუგია გვარწმუნებს, რომ ქვები წლების წინ გოგებაშვილის ქუჩის მოპირკეთებისთვის თურქეთში შეიძინეს. მორჩენილი ქვები კი მალხაზ დუმბაძის მტკიცებით საწყობში ჰქონდათ. დუმბაძეს შესყიდვის დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, თუმცა მან სხვა შესყდვის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, სადაც სააუბრია გრანიტის ფილებზე, რეალურად კი ბათუმის ყველა ქუჩა ბაზალტის ტიპის ბუნებრივი ქვებითაა მოპირკეთებული.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიას მართლაც გააჩნდა აღნიშნული ქვები ეს დოკუმენტალურად უნდა იყოს აღრიცხული. ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონების შესახებ დოკუმენტაცია მალხაზ დუმბაძემ ვერ მოგვაწოდა. თემაზე ბათუმის მერიაში კომენტარი არ კეთდება. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. რევაზ ხარაზი ასევე, პროკურატურისთვის მიმართვასაც აპირებს. და ბოლოს, გეტყვით იმას, რომ ჩვენი ინფორმაციით, გია ჭყონია ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში აყრილი ქვაფენილი სახლში წაიღო. ჩვენს ხელთაა სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა შესახებაც, დეტალებს ვარკვევთ და უფრო მეტს ხვალ, 20:30-ზე მოგიყვებით.

მეტის ნახვა