ახალი ამბები • 1701337917
ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - ნიკა მელია
ენმ-ს გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი პარტიის შიდა არჩევნებში ნიკა მელია გაიმარჯვებს. შესაბამისი განცხადება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ გააკეთა.
მელიას შეფასებით, კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს და დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომავალი გამარჯვების საწინდარი გახდება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
„პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, არის ბათუმის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას მთელი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს - გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა.
გიორგი კირთაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობის, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი, სახელისუფლებო სისტემაც კი. უძლურია მოსყიდვაც და დაშინებაც. ჩემი ღრმა რწმენით და არა მხოლოდ ჩემი ღრმა რწმენით, გიორგი კირთაძე დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს, მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
მე მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში ყველა საკვანძო პოზიციას - გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს. მე დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც იხსნის ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრებისგან და ფენომენი, როგორც ასეთი, პოლიტიკური პატიმრისა, ჩვენ ქვეყანაში დასრულდება. ამიტომ, მიხარია, რომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ამომრჩევლებს, პოტენციურ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნათელი სურათი ჰქონდეთ, თუ რა გუნდთან ერთად წარიმართება მომდევნო წლებში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ ბრძოლა.
დარწმუნებული ვარ, გიორგისთან ერთად ის გუნდი, რომელიც გიორგის მიერ უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, - თქვა მელიამ.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221