დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დადგენილება პარლამენტმა 78-ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს თავად სერგეენკომ მიმართა.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში, "ქართული ოცნებიდან" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დავით სერგეენკოს მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სერგეენკოს მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტისთვის თავად არ მიუმართავს. მისივე თქმით, სერგეენკოს საპარლამენტო სესიების ნახევარზე მეტი აქვს გაცდენილი და ამიტომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ ცნობები მედიაში მანამდეც ვრცელდებოდა. ამის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა "რუსულ კანონს"  მხარი არ დაუჭირა და მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.

მეტის ნახვა