ექსკლუზივი: "ოცნების" გავლენები საჯარო სამსახურებში და ფიქტიური კონკურსები - საქმეში ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ფიგურირებს

„ოცნების“ გავლენები საჯარო სამსახურებში და ფიქტიური კონკურსები. საქმეში ამჯერად ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე ფიგურირებს. TV 25-ს ექსკლუზიურად უყვებიან, რომ  სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში, ექთნის პოზიციაზე,  კანდიდატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის გავლენებით,  სანაცნობო კავშირებითა და პარტიული ნიშნით აიყვანეს. სწორედ ამის გამო, ჩვენი რესპონდენტი კონკურსს გამოეთიშა. უფრო მეტიც, მისი მეუღლე გვიყვება, რომ კიდევ ერთი მიზეზი - ოჯახის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო, რის გამოც ის ამირან ცინცაძემ დაიბარა და უსაყვედურა კიდეც. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საჯარო უწყებებში კადრებს ნაცნობობით, გავლენებითა და პარტიული ნიშნით ასაქმებენ.

TV 25-ს მოქალაქე ირმა ზოიძე ექსკლუზიურად უყვება, რომ სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში, ექთნის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა იანვარში მიიღო. ზოიძის თქმით, მისი კონკურენტი, მეგვარე ეთერ ზოიძე იყო, რომელიც „ქართული ოცნების“  ამომრჩეველი და პარტიასთან დაახლოებული პირია. ჩვენი რესპონდენტის თქმით, იგი ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ცინცაძესაც კარგად იცნობს, რადგან წლების განმავლობაში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ერთად მუშაობდნენ.  ამტკიცებს, რომ  სწორედ ამირან ცინცაძის დახმარებითა და გავლენებით, მისი კანდიდატურა დაბლოკეს. კონკურსში გამარჯვებულად კი  ეთერ ზოიძე დაასახელეს

ირმა ზოიძე გვიყვება იმასაც, რომ კონკურსის ვერ გადალახვის მიზეზად ერთ ქულიანი სხვაობა დაუსახელეს. ქალი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი  კვალიფიკაციაც აქვს და განათლებაც. კონკურენტთან,  ეთერ ზოიძესთან პირადი საუბრის შემდეგ გაიგო, რომ გადაწყვეტილება ქედის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მიიღეს.

ბუნებრივია  კონკურსის შედეგები გაასაჩივრა. მაშინ დაპირდნენ, რომ სკოლაში სპეცმასწავლებლად დაასაქმებდნენ, თუ დავას შეწყვეტდა. თუმცა ამჯერადაც მოტყუვდა. პედაგოგის პოზიციაზე დოკუმენტები წარადგინა და კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა უთხრეს, რომ მისი დიპლომი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. გვეუბნება, რომ ამით დრო მოიგეს.მისი კონკურენტი,  ეთერ ზოიძე ექთნის პოზიციაზე დაასაქმეს და თავად თამაშგარე სიტუაციაში დატოვეს

ირმა ზოიძე ხელს  ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძისკენ იშვერს. ამბობს, რომ ცინცაძემ მისი კანდიდატურა იმის გამოც დაბლოკა, რომ მეუღლე წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო. ამას გვიდასტურებს ირმა ზოიძის მეუღლეც, რომელიც გვეუბნება, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ის დაიბარა და უსაყვედურა კიდეც. მზიური ბალაძეს ცინცაძესთან დამატებითი კითხვებიც აქვს.

ჩვენ, ბუნებრივია დავუკავშირდით ეთერ ზოიძეს. მან ღიად დაგვიდასტურა, რომ „ოცნების“ მხარდამჭერია და  ამირან ცინცაძესაც კარგად იცნობს. თქვა, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. დაგვიდასტურა, რომ სამსახურში ამირან ცინცაძის რეკომენდაციით აიყვანეს. სხვა დეტალებზე საუბარი გაუჭირდა.

დავურეკეთ ქედის საკრებულოს თავმჯდომარესაც. ამირან ცინცაძე ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა და განაცხადა, რომ ირმა ზოიძე და მისი მეუღლე საკითხით პროვოცირებენ. ბრალდებები უარყო და გვითხრა, რომ ჩვენც პროვოკაციულ კითხვებს ვსვამთ.

როგორ ატარებენ კონკურსებს საჯარო უწყებებში და რის მიხედვით არჩევენ თანამშრომლებს? ჩვენი რესპონდენტების მონაყოლით დასკვნების გაკეთება ადვილია.

მეტის ნახვა