ექსკლუზივი: ქობულეთში, მდინარე კინტრიშიდან ბალასტის ამოღების მოთხოვნაზე ხელმოწერები გააყალბეს

ზვიად ბლადაძე

ქობულეთში, მდინარე კინტრიშიდან ბალასტის ამოღების მოთხოვნაზე ხელმოწერები გააყალბეს. ფაქტს ექსკლუზიურად TV 25-ს ერთ-ერთი მოქალაქე უდასტურებს. ზვიად ბლადაძე, რომლის ხელმოწერაც მერზე მიმართვის განცხადებაზე ფიქსირდება, ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი თავად არ მოუწერია. გვიყვება, რომ პირადობის მოწმობის მონაცემები მდინარის გასწორხაზოვნებაზე კომპანიასთან დაახლოებულ პირს მისცა, თუმცა არა იმ პირობით, რაც ახლა კინტრიშზე ხდება.

ზვიად ბლადაძე: ეს ჩემი ხელმოწერა არ არის. პირადობა კი მივეცი.  მდინარის გასწორხაზოვნებას იწყებდნენ და ვიფიქრე, რატომაც არა -მეთქი. სასიკეთო არაფერი არ ხდება, ახლა. თავის დროზე ახსნილი არ იყო, რაც უნდა გაკეთებულიყო. ვიცოდით, რომ სადაც მდინარე გადმოდიოდა, იქ ამოიღებდნენ ბალასტს, მაგრამ ახლა ბუნება მახინჯდება. მახსოვს, მამაჩემის საფლავისთვის მჭირდებოდა რამდენიმე მანქანა ნატანი. დამრთეს ნება, მეხმარებოდნენ თითქოს კიდეც, ის ადამიანები, ვინც ახლა მაგ საქმეში არიან - მაგრამ გვერდიდან ამბები მიჰქონდათ, ბალასტს იღებს, დაანგრია ყველაფერიო...

ჟურნალისტი: ვის მიეცით პირადობა? ვინ გთხოვათ მონაცემები?

ზვიად ბლადაძე: გამგეობის თანამშრომელზე არ მიმიცია პირადობა, იყო ერთი ადამიანი... კომპანიასთან დაახლოებული.

ზვიად ბლადაძეს მიაჩნია, რომ  ხეობას და ბუნებას მილიონების მოპოვების მიზნით ასახიჩრებენ, ხალხი კი ამ ყველაფერზე რამდენიმე მოტივით არ საუბრობს: ზოგი თანამდებობის პირის ნათესავია, ზოგს ეშინია, ზოგიც კი კომპანიასთან დაახლოებული პირია და ფულს შოულობს.

ზვიად ბლადაძე: დაკავებული აქვთ ხელში ფურცელი ღარიბაშვილის ხელწერით და ყველაფერს აზიანებენ, ბუნებას, ნაკვეთებს, გზებს.

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის მიზანი?

ზვიად ბლადაძე: ფულის ამბავია. მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება ახლა და გაყიდიან ბალასტს.

ჟურნალისტი: ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

ზვიად ბლადაძე: კონკრეტულად არ მინდა ჩამოვთვალო ვინ აკეთებს ამას. ყველა ყველაფერს ერიდება და მარტო ჩემგან არ გამოვა... ხალხი იმიტომ არ ლაპარაკობს ამაზე ხმამაღლა, რომ ზოგი თანამდებობის პირებთან ახლობლობს, ზოგს ეშინია, ვერ საუბრობს. შარი და პრობლემა არავის არ სჭირდება ბალასტის ამოღების გამო. დაბალ ხმაზე ყველა საუბრობს. ბოლო-ბოლო ამ ყველაფერს რეაგირება მოჰყვება აუცილებლად“

ბლადაძე დასძენს იმასაც, რომ ხელოვნური ჩარევის შედეგებს რამდენიმე წელში აუცილებლად მოვიმკით.

ზვიად ბლადაძე: სოფელს შეიძლება 2-3 თვეში არ დაეტყოს არაფერი, მაგრამ წლების შემდეგ ბუნება თავისას იზამს. წამოვა შვავები, ზვავები და მოსახლეობა დაზარალდება.

შეგახსენებთ, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღება მოსახლეობის მერზე მიმართვის საფუძველზე დაიწყო. თუმცა ჩვენი რეპორტაჟიდან გამოვლინდა ის, რომ განცხადება პოლიტიკურად გაყალბებულია. პრობლემურია კიდევ ერთი დეტალი. დოკუმენტის მიხედვით, წიაღისეულის ამოღებას, სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის მოსახლეობა ითხოვს, თუმცა ხელმომწერები რეალურად, ამ სოფლის მცხოვრებლები არ არიან.

ქობულეთის მერი აცხადებს, რომ ყველა პროცედურა მდინარიდან ბალასტის ამოღების თაობაზე, კანონიერია.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტს ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული აქვს, არის კანონის სრული დაცვით. თუ კი ვინმეს აქვს პრეტენზია და ფიქრობს, რომ მისი ხელმოწერა დოკუმენტზე არის გაყალბებული, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს. ჩემთან მოვიდა დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პირის ხელმოწერა“, - გვითხრა ლევან ზოიძემ.

კომპანია „მაინინ გრუპს“ 7 თვეა ხეობიდან ნატანი აქტიურად გააქვს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ჭარბი ნატანის გატანა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ოპოზიცია საქმეში კორუფციულ სქემას ხედავს.

TV 25 კომპანიის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა