ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა

თამაზაშვილი

ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. "ოცნების" დეპუტატებმა აჭარის მთავრობა12 ხმით, დაამტკიცეს. უცვლელი დარჩა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა.


პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. "სირცხვილი უმაღლეს საბჭოს", "თავისუფლება მზიას","თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "არა რუსულ რეჟიმს"- სკანდირებენ შეკრებილები. 

საკანონმდებლო ორგანოს კარი მედიისთვის ჩაკეტილი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საჯარო სხდომის გაშუქების შესაძლებლობა ჟურნალისტებს არ მისცეს. ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება: სხდომა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში სტრიმის მეშვეობით, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს. 


"სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის."- წერია ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ფეისბუქპოსტით 4 აპრილს დატოვა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველშვილმა სულხან თამაზაშვილი წარადგინა. 

მეტის ნახვა