ახალი ამბები • 1751633470
"ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის" | მდინარაძე ბაიდენზე

"ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის"- ასე აფასებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
"მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის და მეორე ბაიდენის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისია", - თქვა მდინარაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა. ბაიდენის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ.
ის მიუთითებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზეც და ამბობს, რომ "მათ არ უთქვამთ, რომ [არჩევნები] თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

1751012220

1745312322