ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მიშა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. 

300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას.

საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება.  პროკურატურა სააკაშვილს ედავება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას, რომელსაც უარყოფს დაცვის მხარე. 

პროკურატურის თანახმად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მეტის ნახვა