ახალი ამბები • 1728566105
ე.წ რუსული კანონი პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს
რამდენიმე დღიანი მწვავე პროტესტის მიუხედავად კი, მმართველ გუნდს ქართველი ხალხის ისევ არ ესმის. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს დღეს კენჭი უყარეს. 83 მომხრითა და არცერთი წინააღმდეგით "ოცნებამ" ე.წ. რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი ხმაურით დატოვეს. სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი სატელიტი "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ. კანონპროექტს ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე და ანზორ ბოლქვაძეც ემხრობიან - დეპუტატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში აჭარის კვოტით მოხვდნენ. სხდომაზე გაკეთებული განცხადებები თამარ კიკნაძის რეპორტაჟში.
დღევანდელი გამოსვლა, ოპოზიციამ ხალხის მიმართ მოწოდებებით დაიწყო, გამოვიდნენ პარლამენტთან და არ დაუშვან, ქართულ ენაზე მიიღონ რუსული კანონი, რადგან დემოკრატიული კანონის მისაღებად, ხალხს, სპეცრაზმს არ უპირისპირებენ. დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოს მეორედ ვერ გაასაბჭოებენ და ქვეყანა რუსული არ გახდება. ანა ნაცვლიშვილის ემოციურ გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. მან ასევე წაიკითხა პუტინის მიერ ანალოგიური კანონით აგენტად გასამართლებული გრიგოლ ჩხარტიშვილის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინიზმის არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც უნდა გვეშინოდეს.
კანონის რეალური სახე გუშინდელმა დარბევამ წარმოაჩინა - აღნიშნავს ოპოზიცია. პირდაპირ ეუბნებიან „ქართულ ოცნებას“, რომ არ ესმით რა არის თავისუფლება, ქართველობა და მათ ბოდიში უნდა მოიხადონ. ოპოზიცია ამბობს, რომ ვინც დღეს მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, ქვეყნის ღალატს მისცა ხმა.
ამ კანონის მიღებით, დავკარგავთ კანდიდატის სტატუსს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ამბობს ოპოზიცია. გუნდის სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ კი პარტიამ „საქართველოსთვის“ დარბაზი დატოვა.
ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამოსვლებისთვის, დროს, მმართველი გუნდის წევრებს უთმობდა, თუმცა ტრიბუნასთან, პირველი, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი მიიწვია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ იღებენ ქართულ კანონს და მას ოპოზიცია სწორედ ამიტომ ებრძვის.
დიმიტრი ხუნდაძის ამ გამოსვლამ მმართველ გუნდში ოვაციები, ოპოზიციაში კი პროტესტი გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს დარბაზი დაატოვებინა.
ხმაური არ შეწყდა. შალვა პაპუაშვილმა, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა ანა ნაცვლისშვილს და თინა ბოკუჩავას. გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ, გამოსვლა ანრი ოხანაშვილმა გააგრძელა. თქვა, რომ კანონპროექტი, ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება.
ვერ ასაბუთებენ, რატომაა კანონპროექტი რუსული, მოატყუებენ 10-15 ათას ადამიანს და გვეუბნებიან, რომ ეს არის ხალხი და შენ არ უნდა გადაწყვიტო, ყველა ქვეყანა ცდილობს მუხტის აწევას, რომ ვერ მივიღოთ სუვერენული გადაწყვეტილება, ასე მიმართა ქვეყანას ტრიბუნიდან მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის გამოსვლის დასრულების შემდეგ, 83 ხმით, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პირველი მოსმენით მიიღო.
1728068947
1726854943
1726726009