ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - არა

ევროკავშირის უარი საქართველოს - კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს პასუხი უარყოფითია. დასავლეთი ხელისუფლებას სტატუსის სანაცვლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს.

შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, თუმცა, მანამდე ქვეყანამ ევროკომისიის რეზოლუციაში გაწერილი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის საბჭომ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

"შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახან გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთად ყოფნაშია. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - წერს შარლ მიშელი  ტვიტერზე.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

მეტის ნახვა