კამათი, კრიტიკული კითხვები და ურთიერთბრალდებები - უმაღლესი საბჭოში სოფლის მეურნეობის მინისტრი წლიური ანგარიშით წარსდგა

კამათი, კრიტიკული კითხვები და ურთიერთბრალდებები - ამ ფონზე მიმდინარეობდა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი წარსდგა. ზაზა შავაძემ უწყების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 32 მილიონ აღემატება, რაც შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას მოიცავს. თეო ფუტკარაძე ესწრებოდა სხდომას მთელი დღის განმავლობაში და დეტალებს მისი რეპორტაჟიდან გაიგებთ.

პროფესიული დღის მილოცვა ჟურნალისტებისთვის,  მმართველს გუნდს იმ შეხსენებების ფასად დაუჯდა, რომელიც ოპოზიციის თქმით, მათი მხრიდან, TV25-ისა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დევნით იყო განპირობებული.

ერთ-ერთი ხმაურიანი თემა, რომელზეც მინისტრის  საათის ფორმატში დეპუტატებმა იმსჯელეს, პროდუქტებზე გაზრდილი ფასები და მეზობელ ქვეყნებთან, არაკონკურენტუნარიანი გარემო აღმოჩნდა.

სხდომაზე ტრადიციისამებრ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის  ისმოდა პოლიტიკური ბრალდებები. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლიან რეჟიმს ახსენებდა, რაზეც პასუხად, ნაციონალური  მოძრაობის კვოტით, უმაღლეს საბჭოში შესული მედეა ვასაძე, პროტესტს გამოთქვამდა, თუ რატომ ზის საკანონმდებლო ორგანოში პირი,  რომელიც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

მეწყრით დაზარალებული ოჯახების სარისკო ზონებიდან გაყვანა, კომპენსაციებისა და ქირის თანხების გაზრდა - ამ პრობლემებზე რეაგირება  მოითხოვეს ოპოზიციაში.  არგუმენტების გასამყარებლად,  გია აბულაძემ კონკრეტული მოქალაქის ხმოვანი ჩანაწერი ჩართო, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად არასაკმარისია დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი.

მინისტრის საათის ფორმატში ასევე იყო კითხვები, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორც ციტრუსის ასევე სხვა დარგების მიმართულებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე გამოსული მინისტრი, გასულ წელს შესრულებულ პროექტებზე აქცენტირდა. ზაზა შავაძის  ვრცელ მოხსენებაში მრავლად იყო სამომავლო გეგმების ჩამონათვალი. მისი თქმით, პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე 2024 წელს სამინისტრო გეგმავს, საოჯახო მეურნეობებისა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. რაზეც ჯამში, 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მინისტრის მოხსენებაში საუბარი შეეხო ქვეპროგრამების განახლებასაც.

აჭარის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ფორმატში  წელს პირველად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს, შემდეგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება.

მეტის ნახვა